დუშეთის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხს ვიზუალურად ამოწმებდა ან შემოწმების გარეშე იბარებდა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რაც ამავე ანგარიშის მიხედვით, ვერ განსაზღვრავდა იმას, თუ რამდენად ხარისხიანად სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.
2017-2018 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას ახორციელებს მუნიციპალიტეტში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო დასკვნის ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული სამუშაოების საფუძველზე.
“სამუშაოების დასრულების ეტაპზე მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. ხარისხი შესწავლილი არ არის ან შეფასებულია ვიზუალურად. ტექნიკური ზედამხედველების მიერ, ასევე, დადასტურებულია მხოლოდ მოცულობები. აღსანიშნავია, რომ ვიზუალური დათვალიერება ვერ უზრუნველყოფს იმის დადასტურებას თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნების მიღებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის 10-11 ივლისს მერიის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი, სავარაუდოდ, შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. კერძოდ:
კულტურის სახლის რეაბილიტაცია
მუნიციპალიტეტმა განახორციელა ქ. დუშეთში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია. ამ მიზნით 2016 წელს გამოცხადდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება – შპს „გარანტთან“. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 698.8 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების საბოლოო მიღება- ჩაბარება განხორციელდებოდა ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე. სამუშაოები დასრულდა 2017 წლის აპრილში. მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.
“დასკვნის მიხედვით შემოწმებულია მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობები და
ღირებულება, ხოლო ხარისხი შესწავლილია ვიზუალურად. სამუშაოები ჩაბარებულია მუნიციპალიტეტის მიერ, რითაც ფაქტობრივად დადასტურებულია მისი შესაბამისობა სამშენებლო სტანდარტებთან და ნორმებთან. ობიექტის ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ერთ ერთ ოთახში დაზიანებულია იატაკი, ასევე, გათბობის სისტემა არ მუშაობს სათანადოდ. კერძოდ არ თბება მცირე დარბაზი, მისი მიმდებარე ოთახი და ჰოლი”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის ვადაში წარმოქმნილი დაზიანებებისა და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა. მ
“უნიციპალიტეტმა გათბობის სისტემის ხარვეზის გამოსწორების მიზნით რამდენჯერმე მიმართა მიმწოდებელს, ხოლო იატაკის დაზიანებასთან დაკავშირებით არ მიუმართავს. შენობაში არსებული ხარვეზები გამოსწორებული არ არის. მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა საკმარისი სამართლებრივი ღონისძიებები გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრის მიზნით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, მსგავსი ხარვეზები ფიქსირდება სხვა პროექტების შემთხვევაშიც, კერძოდ:
აუდიტის ცნობით, ხელშეკრულებების მიხედვით სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადად განსაზღვრულია 5 წელი, რომლის განმავლობაში მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ექსპლუატაციის ვადაში წარმოქმნილი დაზიანებების და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა.
“მუნიციპალიტეტმა მხოლოდ №3 საბავშვო ბაღში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმართა მიმწოდებელს 2019 წლის მაისში. მიუხედავად ამისა, დაზიანებები გამოსწორებული არ არის. დანარჩენ შემთხვევებში მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის დაზიანებების აღმოფხვრის მოთხოვნით. შედეგად მერიას არ განუხორციელებია საკმარისი სამართლებრივი ღონისძიებები შესრულებულ სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რის გამოც დაზიანებები კვლავ ფიქსირდება და საჭიროებს დამატებით სამუშაოებს”, – წერს აუდიტი.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგებზე ინფორმირების შემდეგ, მერიამ 2019 წლის დეკემბერში მიმართა მიმწოდებლებს დაფიქსირებული დაზიანებების აღმოფხვრის მოთხოვნით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიბარა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხიც სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.
“დუშეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები”, – ვკითხულობთ აუდიტის რეკმენდაციაში.
რეკომენდაციის მიხედვით, აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებასა და პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას.
ამასთან, აუდიტი მიმართავს დუშეთის მუნიციპალიტეტს რეკომედაციით, შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.