აუდიტი: დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით

804

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2017-2018 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული
შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით , –  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო- სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში ანაზღაურებულია 598.6 ათასი ლარი. იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება აღემატებოდა 50.0 ათას ლარს, ამასთან, ანგარიშსწორება განხორციელებულია ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე.

“დასკვნების მიხედვით მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილია შესაბამისი საბუღალტრო
დოკუმენტაცია და დაანგარიშებულია მათ მიერ გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები. დანარჩენი 18 ხელშეკრულების ფარგლებში, ანაზღაურებულია 305.4 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ხდებოდა მერიაში”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის ცნობით, გაწეული ხარჯის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად, მოითხოვეს ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც, თუმცა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია.

კერძოდ: სასაქონლო ზედნადებები, მანქანა-მექანიზმებზე გაწეული ხარჯების ან/და ხელფასების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მერიის შესაბამისი თანამშრომელების მიერ არ არის შედგენილი ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის შედარების აქტები, ამასთან, არც მიღება-ჩაბარების აქტებშია დაფიქსირებული, რომ ასანაზღაურებული თანხა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვითაა განსაზღვრული.

“წარმოდგენილი ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევაში მასალების შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასები არ შეესაბამება შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა №2) მითითებულ ფასებს. ასევე, ზოგიერთ მიმწოდებელს მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, აუნაზღაურდა ნაქირავებ მანქანა-მექანიზმებზე დარიცხული ზედნადები ხარჯები და გეგმიური მოგების პროცენტი”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის ცნობით, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ანგარიშსწორებას ახორციელებდა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარმოდგენისა და დაანგარიშების გარეშე, რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

“აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში უნდა მოხდეს სრული ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, გადახდილ თანხასთან შესაბამისობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები ზედმეტად ანაზღაურებული თანხების ბიუჯეტში დასაბრუნებლად.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხარვეზი დაფიქსირებული იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად ამისა მერიის მიერ სათანადო რეაგირება განხორციელებული არ არის და დარღვევა კვლავ ფიქსირდება”, – წერია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით,  2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით.

“რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ არის დასაბუთებული გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობა. შედეგად მუნიციპალიტეტი კარგავს სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობას, რაც იწვევს არაეკონომიურ ხარჯს. ასევე, ანგარიშსწორების პროცესში არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები და 305.4 ათასი ლარი ანაზღაურებულია ფაქტობრივი დანახარჯების სათანადოდ დათვლის გარეშე, რაც ქმნის თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას გამარტივებული წესით შესყიდვა განახორციელოს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის სათანადო დასაბუთების საფუძველზე. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

“მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.

მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით შესყიდულ სამშენებლო სამუშაოებზე ანაზღაურებულ თანხებზე მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები.

შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა”, – ნათქვამია რეკომენდაციაში.