დუშეთის მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში წყალი შეფერხებით მიეწოდება, ან მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. შესაბამისად, ამ მიმართულებით წლის განმავლობაში „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლიდან მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება, მაგალითად: 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, 1,765.0 ათასი ლარი დახარჯა წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე.
აუდიტის ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული 18 ადმინისტრაციული ერთეულიდან, ქ. დუშეთის, დაბა ფასანაურის, დაბა ჟინვალისა და მიმდებარე სოფლებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ხოლო დანარჩენ სოფლებში მოსახლეობას წყალი მიეწოდება სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემებით, ნაწილი კი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით.
“მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 17 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები 9 114 ოჯახიდან წყალი მუდმივად 5 404 ოჯახს მიეწოდება, დანარჩენ ოჯახებს კი მიეწოდებათ გრაფიკით ან შეფერხებით”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა მოსახლეობის წყალმომარაგების შემდეგი პრობლემური მიმართულებები: მუნიციპალიტეტში 2018 წელს შეიქმნა ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“, რომლის მიზნებსაც წესდების მიხედვით წარმოადგენს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის მოპოვება და მისი ტექნოლოგიური დამუშავება, დასახლებების წყალმომარაგება სასმელი წყლით და ა.შ.
“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიას, რომელიც პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და მიწოდებული წყლის ხარისხზე უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია. ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“კი აღნიშნულ ლიცენზიას არ ფლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლებში არსებული სისტემები მის ბალანსზე არ ირიცხება. 2018- 2019 წლების მდგომარეობით ა(ა)იპ შემოიფარგლებოდა მხოლოდ წყლის სისტემებზე წარმოქმნილი დაზიანებების აღმოფხვრით, რაც პასუხისმგებელი პირის განმარტებით განპირობებულია ორგანიზაციის დაფინანსების სიმცირით. ამასთან, სოფლებში არსებულ წყლის სისტემებს არ აქვთ გამწმენდი ნაგებობები.
2017-2018 წლებში მოწყობილი წყალმომარაგების 10 სისტემის ფარგლებში მოეწყო საქლორატოროები, თუმცა ისინი აუდიტის მიმდინარეობის ეტაპზე არ ფუნქციონირებდნენ. შესაბამისად, მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყალი რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი”, – ვკითხულობთ აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს 2019 წელს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დუშეთის ზოგიერთ სოფელში განხორციელებული სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის შედეგები.
“კერძოდ, სოფლების (ბულაჩაურის, არაგვისპირისა და გრემისხევის) საბავშვო ბაღებში აღებული სინჯების შემოწმებით გამოვლინდა, რომ წყლის ნიმუშები არ შეესაბამებოდა ნორმას. მუნიციპალიტეტის კუთვნილ წყლის სისტემებზე მრიცხველები დამონტაჟებული არ არის. გამრიცხველიანების არარსებობის გამო, მოსახლეობის ნაწილი წყალს მოიხმარს უკონტროლოდ (მათ შორის სარწყავად), რაც იწვევს წყლის რეზერვების შემცირებასა და შეფერხებით მიწოდებას. ასევე, მრიცხველების არარსებობის გამო ვერ ხერხდება მოხმარებულ წყალზე გადასახადის დაწესება და ამოღება”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში
მოწყობილი წყლის სისტემები. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა ანალოგიური
პრობლემები:
- 2017 წლის №237 ხელშეკრულების ფარგლებში ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბულაჩაურში განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია ღირებულებით 152.9 ათასი ლარი. მოსახლეობის განმარტებით სისტემის საშუალებით წყალი პერიოდულად მიეწოდებათ.
- 2017 წლის №289 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა სოფელ მჭადიჯვრის წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 188.2 ათასი ლარი. დათვალიერების დროს გამოვლინდა, რომ მოწყობილი საუბნო ონკანების ნაწილი დაზიანებულია (მოტეხილია), ასევე, მოსახლეობის განცხადებით წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.
- 2018 წლის № 205 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულდა ჩირდილელიანთკარის წყლის სისტემის რეაბილიტაცია, თანხით – 456.1 ათასი ლარი. მოსახლეობის ნაწილს, რომლებიც დასახლებულია სოფლის ზედა ნაწილში წყალი შეფერხებით მიეწოდება.
- 2018 წლის №206 ხელშეკრულების ფარგლებში სოფელ ჩინთსა და დაბა ჟინვალში მოეწყო წყლის სისტემა, ღირებულებით – 443.0 ათასი ლარი. ობიექტის დათვალიერების დროს დაბა ჟინვალში არსებულ სისტემაში წყალი არ მოდიოდა და მოსახლეობის განცხადებით ისინი წყლით ვერ სარგებლობენ.
მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევებში წყალმომარაგების პროცესში არსებული პრობლემები (წყლის დეფიციტი და გრაფიკით/შეფერხებით მიწოდება) გამოწვეულია მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის უკონტროლო ხარჯვით. რაც შეეხება მიწოდებული წყლის სასმელად ვარგისიანობას, წყლის სისტემების მოწყობის ბოლო ეტაპზე ხდებოდა წყლის ლაბორატორიული დასკვნების წარმოდგენა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ ოთხ შემთხვევაში: სოფელ მჭადიჯვარში, სოფელ ჩირდილელიანთკარში, სოფელ ჩუბინიაანთკარსა და სოფელ ჩანადირთკარში მოპოვებული წყალი ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით სასმელად უვარგისი იყო. მიუხედავად ამისა, მერიის მიერ დამატებითი ღონისძიებები დროულად არ გატარებულა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, დუშეთის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში წყალი შეფერხებით მიეწოდება, ან მიეწოდება სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყალი.
“არ არის განხორციელებული აბონენტების გამრიცხველიანება, ა(ა)იპ „დუშეთის წყალი“ არ ფლობს ლიცენზიას და ვერ უზრუნველყოფს წყლის სისტემების სათანადო მოვლა-პატრონობას. აღსანიშნავია, რომ პრობლემები ატარებს სისტემურ ხასიათს. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი იქნებოდა თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი დაგეგმვითა და გამოყენებით, თუმცა მერიას ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის რადიკალურ გაუმჯობესებას. ასევე, მოუწოდებს, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აუდიტის ცნობით, აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებასა და ქსელის გამართულ ექსპლუატაციას.