ქალაქ მარნეულში ქუჩების აღმნიშვნელი აბრებისა და ნუმერაციისათვის 5 986 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა

804

ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩის აღმნიშვნელი სახელწოდებისა და ნუმერაციის მოწყობის შემდგომ მარნეულის მერია კიდევ ორ ქუჩაზე, ჟორდანიასა და კოსტავას ქუჩაზე, გეგმავს აბრების დამონტაჟებას. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

მარნეულის მერიამ ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 17 თებერვლამდე პერიოდში შეეძლებათ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ქალაქის მასშტაბით ქუჩების აღმნიშვნელი სახელწოდებების განთავსება და ნუმერაცია აქტიურად მიმდინარეობს. მერია ქალაქ მარნეულის ქუჩების ნუმერაციის დასრულებას წლის ბოლომდე გეგმავს.

„ქუჩების ნუმერაციას აქტიურად ვაგრძელებთ. რუსთაველის შემდეგ ორი დიდი ქუჩის, ჟორდანიას და კოსტავას ქუჩების, დანომვრა მიმდინარეობს. შემდეგ, ეტაპობრივად წლის ბოლომდე, ქალაქში საქმეებს მოვრჩებით. ალბად სამედ ვურღუნის და ნარიმანოვის ქუჩებზეც გადავალთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქთან ერთად დიდ სოფლებშიც უნდა მოხდეს დანომვრა. მე ეს რამდენჯერმე ავღნიშნე. ამ პროცესსაც აუცილაბლად დავიწყებთ. პირვალ რიგში ჯერ ქალაქს უნდა მოვრჩეთ“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიამ ქუჩების აღმნიშვნელი სახელწოდებებისა და ნუმერაციისათვის პირველი ტენდერი 2019 წლის 11 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მერიას ყველაზე დაბალი თანხა, 7 359 ლარი, ინდმეწარმე თამარ მაჭავარიანმა შესთავაზე და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელშეკრულება სწორედ მასთან გააფორმა.