ოკუპირებულ აფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, კანდიდატების მიერ დოკუმენტების წარდგენის ვადა 11 თებერვალს ამოიწურა. “კანდიდატების“ რეგისტრაცია 21 თებერვლამდე გაგრძელდება.
“საარჩევნო კომისიის” მდივნის ანუშ ხოჯიკიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ასლან ბჟანიას კანდიდატურა წარადგინა, მეორე კანდიდატია ე.წ. ვიცეპრემიერი, ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი ადგურ არძინბა, მესამე კანდიდატი კი, პარტია „აკზაარიდან“ (ერთობა), ყოფილი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბაა.
სოხუმის ადმინისტრაციის დეფაქტო მეთაურმა ქან კვარჭიამ, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი, დღეს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე აღარ აპირებს მონაწილეობას დეფაქტო ექსპრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
როგორც ცნობილია, 12 იანვარს, ოპოზიციის ოთხდღიანი პროტესტის შედეგად, დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა.
ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები 22 მარტს არის დაგეგმილი. აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 8 სექტემბერს გამართული „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.