EBRD-მა „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

587

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) „ენგურჰესის“ რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

როგორც კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო, თუმცა გასულ წელს გაირკვა, რომ პროექტისთვის დამატებით 10 მილიონი იყო საჭირო.

„გასულ წელს წინასწარი კვლევითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოებია განსახორციელებელი. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იყო აქ ჩართული და გათვალეს, რომ დამატებითი სამუშაოების ღირებულება 10 მილიონი ევროა. შესაბამისად, მოლაპარაკება დავიწყეთ EBRD-თან და მათ მზადყოფნა გამოთქვეს ამ პროექტის დასასრულებლად დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყონ. სესხის პირობები იგივეა. 10 მილიონი ევროს სესხის ძირითადი თანხის გადახდას 8 წლის შემდეგ ვიწყებთ და ეს 1%-იანი სესხია“,-აღნიშნა კაკაურიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, გასული წლის ბოლოს დაიწყო საწყისი სამუშაოები ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის და ამჟამად 28 მილიონიანი სესხიდან 6 მილიონ ევრომდეა ათვისებული.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთი პროექტი წარადგინა. კერძოდ, საუბარია საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამაზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. კაკაურიძის თქმით, ბანკმა 13.6 მილიონი ევრო გამოყო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებული კვლევებისთვის, მომდევნო წლებში კი 362 მილიონი ევრო გამოიყოფა, რომელიც მოხმარდება კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის, ასევე თბილისის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას.