აუდიტი: ამბროლაურის სოფელ ურავში ქიმიური ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში იყო ღიად და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას

2856

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ამბროლაურის სოფელ ურავში ქიმიური სამშენებლო ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ქარხნის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას და აბინძურებდა გარემოს, – ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც არ დასრულდა. საუბარია სამ ტენდერზე. პირველი შეეხება 13 სოფელში 18 სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, დასასვენებელ ფანჩატურებს, წყაროებს, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელ ბილიკებს და სხვა. ამ 18 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 3 საერთოდ არ გაკეთდა, რამდენიმე კი უხარიხსოდაა შესრულებული. მეორე ტენდერი ეხება ქიმიური ნარჩენების დაკონსერვებას, მესამე კი – ამბროლაურში ექვსი ქუჩის გზის საფარისა და კანალიზაციის მოწყობას.

სოფელ ურავში ქიმიური ნარჩენების დაკონსერვება

სოფელ ურავში ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების კონსერვაციის სამუშაოებისათვის ტენდერი 2017 წლის 29 ივნისს გამოაცხადდა და გაიმარჯვა შპს „ორნამენტმა“, ღირებულებით 749.8 ათასი ლარი.

ხელშეკრულების პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 2 ეტაპად. ურავის ტერიტორიაზე შესასრულებელი სამუშაოები გულისხმობდა ყოფილი სამთოქიმიური ქარხნების შენობების დემონტაჟს, დაბინძურებული გრუნტის მოხსნას, წარმოქმნილი ნარჩენების სარკოფაგში განთავსებას და სხვა.

მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 22 სექტემბერს ჩაიბარა და მიმწოდებელს აუნაზღაურა, მიმწოდებლის მიერ დაქირავებული ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული სამუშაოები, თანხით 180.2 ათასი ლარი. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმწოდებელს ამ პერიოდისთვის შესრულებული უნდა ჰქონოდა სამუშაოების ძირითადი ნაწილი, თუმცა შეასრულა მხოლოდ 38%. მიუხედავად ამისა, არც მუნიციპალიტეტს და არც სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს არ დაუფიქსირებია მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ნელი ტემპი და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა.

მიმწოდებელმა მიწოდების ვადის დასრულებამდე 4 დღით ადრე მოითხოვა ვადის გადაწევა.

2017 წლის ბოლოსათვის მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 241.3 ათასი ლარის სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა სრულად ჩაიბარა და აანაზღაურა. აღსანიშნავია, რომ ამ დოროსათვის ჯანმრთელობისათვის სახიფათო სამშენებლო ნარჩენი, დაახლოებით 1000 კუბ.მეტრი, განთავსებული იყო ქარხნების დაშლის ტერიტორიაზე, სარკოფაგში განთავსების გარეშე.

სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევის მიუხედავად, მიმწოდებელი მაინც ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. 2018 წლის 13 მარტს მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ სამშენებლო ნარჩენი ქარხნის დაშლის ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. ვინაიდან ნაშალი მასალა საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, მუნიციპალიტეტს პროცესები უნდა წარემართა იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ნარჩენების სარკოფაგში დროულად განთავსება.

მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 8 თვის დაგვიანებით, 2018 წლის პირველ აგვისტოს.

ხარვეზებით წარიმართა სამუშაოების მეორე ეტაპიც. მიმწოდებელმა სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასრულა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან შეწყვიტა ხელშეკრულება. შესრულებული სამუშაოებისათვის თანხა 58.6 ათასი კი გადაიხადა.

გარდა ამისა, 2019 წლის 23 იანვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ობიექტზე არსებული ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა მიმართა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 51.3 ათასი ლარი. ასევე დააფიქსირა სხვადასხვა ხარვეზი. მაგალითად, გამოყენებული იყო 141 ცალი გადასახური ფილა და დაფიქსირებული იყო – 180 ცალი. ასევე, გეომემბრანის საფარის მოწყობის სისქე იყო უფრო მცირე, ვიდრე შემსრულებელს ჰქონდა დაფიქსირებული. ამასთან, მიმწოდებლის მიერ ორივე ეტაპზე განსაზღვრული სამუშაოები ვადის დარღვევით შესრულების გამო მუნიციპალიტეტმა კომპანიას დაკისრა 219.1 ათასი ლარიანი ჯარიმა.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტმა სამუშაოების მიმდინარეობისას ვერ დააწესა შესაბამისი კონტროლი და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ სამუშაოები დასრულებულიყო დროულად. ასევე, ქიმიური სამშენებლო ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ქარხნის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას და აბინძურებდა გარემოს. ვადის უსაფუძვლო გადაწევის გამო კი, მიმწოდებელს არ დაერიცხა შესაბამისი პირგასამტეხლო და სასამართლო დავა მიმდინარეობს 34.6 ათასი ლარით ნაკლებ საჯარიმო სანქციაზე.

გარდა ამისა, როგორც აუდიტის ანგარიშში წერია, აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტმა ორჯერ გამოაცხადა ტენდერი დარჩენილი სამუშაოების დასრულების მიზნით. პირველი ტენდერი გამოცხადდა მაისში, რომელიც არ შედგა. მეორე ტენდერში გაიმარჯვა ამხანაგობა „ფარაონი და კომპანიამ“, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 5 ივლისს. მიმწოდებელი სამუშაოებს ახორციელებდა გეგმა-გრაფიკთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით, საჯარიმო თანხამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი იყო სოფელ ურავში არსებული სახიფათო ნარჩენებით დაბინძურებული ყველა წყაროს ლიკვიდაცია. შესაბამისად, მისი დროული განხორციელება განსკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, ასევე გარემოზე მავნე
ზემოქმედების შემცირების კუთხით. მიუხედავად პროექტის მნიშვნელობისა,
მუნიციპალიტეტმა 2017 წლიდან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდამდე ვერ
უზრუნველყო სამუშაოების დასრულება.

18 ინფრასტრუქტურული ობიექტი ამბროლაურის სოფლებში

მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ივლისში გამოაცხადა ტენდერი 18 ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობაზე, თანხით 254.5 ათასი ლარი. კერძოდ, მოეწყობოდა დასასვენებელი ფანჩატურები, წყაროები, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი ბილიკები და სხვა. ობიექტები განლაგებულია ერთმანეთისგან მოშორებით, 13 სხვადასხვა სოფელში. გამოცხადდა ერთი ტენდერი, ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა – შპს „აბსოლუტპლუსმა“  და გაიმარჯვა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 18 დეკემბრამდე.

შპს „აბსოლუტპლუსმა“ სათანადოდ არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები,  სისტემატურად არღვევდა გეგმა-გრაფიკს, ხოლო ორ ობიექტზე საერთოდ არ განუხორციელებია სამუშაოები:

სოფელ ზნაკვაში ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკისა და მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანხით 5.6 ათასი ლარი; და სოფელ წესში „მინდაციხეზე“ მისასვლელი ბილიკის სამუშაოები, თანხით 0.9 ათასი ლარი.

ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2018 წლის იანვარში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან შეწყვიტა ხელშეკრულება.  ამ დროისათვის მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 204.3 ათასი ლარის სამუშაოები, რაც მუნიციპალიტეტმა შემსრულებელს სრულად აუნაზღაურა და ობიექტები ჩაიბარა. შეუსრულებელ ნაწილზე კი  შპს „აბსოლუტპლუსს“ დაარიცხა საჯარიმო სანქცია და მიმართა შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე.

2019 წლის 8 ივლისს აუდიტის ჯგუფის მიერ შემოწმებისას მუნიციპალიტეტის მიერ ჩაბარებული ობიექტების ნაწილში სამუშაოები უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა.

2018 წლის 23 აპრილს მუნიციპალიტეტმა სოფელ პირველ ტოლაში, ლუხუნის ხეობაში, გურგენიძის წყაროზე და თხმორის ჩანჩქერთან არსებულ საჩრდილობელზე დააფიქსირა ხარვეზები, რისი გამოსწორების მოთხოვნით მიმართა მიმწოდებელს. დაფიქსირებული ხარვეზები მიმწოდებელმა ნაწილობრივ გამოასწორა. აღნიშნული დაზიანებების გარდა, აუდიტის ჯგუფმა მსგავსი ხარვეზები გამოავლინა ზემოთ აღწერილ სხვა ობიექტებზეც. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისათვის, მიმწოდებელს არ გამოუსწორებია ობიექტებზე არსებული დაზიანებები.

ამბროლაურის 6 ქუჩის გზის საფარი და კანალიზაცია

მესამე ტენდერი ამბროლაურში გზის საფარისა და კანალიზაციის მოწყობას ეხება. 2018 წლის მაისში მუნიციპალიტეტმა შპს „მიმდემთან“ გააფორმა ორი ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 691.8 ათასი ლარი.  მიმწოდებელს 2018 წლის 14 აგვისტომდე უნდა დაესრულებინა ქალაქ ამბროლაურში 6 ქუჩის გზის საფარისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაასრულა მხოლოდ ერთი ქუჩა, 34 ვადების დარღვევით დაასრულა სამი ქუჩა, ხოლო ორ ქუჩაზე სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ. კერძოდ: ორივე ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი დარჩა გოგებაშვილის ქუჩის ასფალტბეტონის სამუშაოები, ღირებულებით 58.7 ათასი ლარი და ბარათაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა.

2018 წლის 31 დეკემბერს დასრულდა ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა ორივე ხელშეკრულება. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულებით არ ჰქონდა განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ქმედითი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემდა ზემოქმედება მოეხდინა მიმწოდებელზე – ხელშეკრულებები ითვალისწინებდა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკს, თუმცა არც მისი დარღვევისთვის და არც სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისათვის არ იყო განსაზღვრული საჯარიმო სანქციები.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა დარჩენილ 2 ქუჩაზე თავიდან გამოაცხადა ტენდერი ოთხჯერ, რომელთაგან 3 ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო პრეტენდენტებმა, ხოლო ერთი დასრულდა უარყოფითი შედეგით.

დარჩენილ სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 24 სექტემბერს, შპს „მიმდემთან“ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 9 თვის შემდეგ. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისათვის, სამუშაოები დასრულებული არ არის.