აუდიტი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 1,2 მილიონის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა  

787

წინა სტატია

ქალაქ ამბროლაურში დახურული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია ჩატარდა უხარისხოდ და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე სოფელ ჭელიაღელე-თლუღის დამაკავშირებელ გზაზე, რეაბილიტაციის შემდეგ, არის ბზარები და თავიდანაა დასაგები… ჯამში, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 1,2 მილიონი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები – შესრულებული სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, – ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში წერია, რომ აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის 3, 8 და 10 ივლისს დაათვალიერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტები და გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.

ქალაქ ამბროლაურში დახურული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია

2017 წელს მერიამ შეისყიდა შპს „ხუროსგან“ ქალაქ ამბროლაურში დახურული სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 399.1 ათასი ლარი.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა პროექტის შესაბამისობასთან დაკავშირებით, თუმცა არ მოუთხოვია ხარისხის შესახებ დასკვნა. მიმწოდებლის მიერ შესრულებული პროექტი მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 2017 წლის ოქტომბერში, რითაც დაადასტურა შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

სამუშაოების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ დაზიანებულია შენობის გარკვეული მონაკვეთები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა 2018 წლის მაისში და შემდგომ პერიოდებშიც გამოავლინეს სპორტულ დარბაზში არსებული ხარვეზები, რაზეც წერილობით ეცნობა მიმწოდებელს. პირველ შემთხვევაში მან ხარვეზები გამოასწორა, ხოლო მეორე შემთხვევაში – არა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისათვის, სასამართლო დავა არ არის დასრულებული.

სოფელ ჭელიაღელე-თლუღის დამაკავშირებელი გზის მოწყობა

2017 წელს მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „მიმდემისგან“ 2 ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა სოფელ ჭელიაღელე-თლუღის ცემენტბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები ღირებულებით 271.9 ათასი ლარი და ქალაქ ამბროლაურში – გზების მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები,  ღირებულებით 324.8 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტმა 2017 წლის აგვისტოსა და ნოემბერში ჩაიბარა და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

შესრულებული სამუშაოების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ რუსთაველის ქუჩის №2 ჩიხში გზის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 7.9 ათასი ლარი, დაზიანებულია. კერძოდ, ბეტონის საფარი გარკვეულ ადგილებში დაბზარულია. სოფელ ჭელიაღელე-თლუღის დამაკავშირებელ გზაზე კი აღინიშნება განივი და გრძივი ბზარები.

ხელშეკრულებების პირობის მიხედვით, მიმწოდებელმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები. დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზამ დაადასტურა სამუშაოების მოცულობა, ხოლო ხარისხის დასადასტურებლად დაეყრდნო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ლაბორატორიულ დასკვნებს.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, ასევე დაზიანებულია და უხარისხოდ არის მოწყობილი 5 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დაზიანებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.

აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტების დათვალიერების მომენტისათვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდათ მოქმედი საგარანტიო ვადები, რომლის პერიოდშიც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა ექსპლოატაციის პერიოდში წარმოქმნილი დაზიანებები. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს ობიექტზე არსებული დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 1,193.2 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები – შესრულებული სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები.