ამბროლაურის მერმა მოსახლეობას, წლევანდელის ნაცვლად, შარშანდელი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც ცნობილია, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მუნიციპალიტეტების მერებს ავალდებულებს, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოსახლეობას წარუდგინონ იმ წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამისათვის კი მერმა უნდა გამართოს საჯარო შეხვედრები, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია და, რაც მთავარია, ყველას აქვს უფლება, დასვას შეკითხვა, ან გამოთქვას მოსაზრება.
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური წყაროებიდან – ვებგვერდიდან და ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, მერმა, ზვიად (დავით) მხეიძემ, მოსახლეობას არა მიმდინარე, ანუ 2022 წლის, არამედ გასული – 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ისიც – მხოლოდ ონლაინ, ფეისბუქის ე.წ. ლაივის მეშვეობით.
ანონსი, რომ მხეიძე 2021 წლის ანგარიშს ფეისბუქლაივით წარადგენდა, ამავე გვერდზე 1 დღით ადრე გამოქვეყნდა. აქვე ვკითხულობთ, რომ “მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მერს მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართონ”. არადა, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 88-ე თავი იმპერატიულად ადგენს: “მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას”.
ფეისბუქლაივ-ანგარიში მერმა მერიის შენობიდან წარადგინა და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გასულ, 2021 წელს, როგორია მისი შესრულების მაჩვენებლები, რა გაკეთდა ამ ბიუჯეტის ფარგლებში, რაში დაიხარჯა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა თუ მთის ფონდით გამოყოფილი თანხები, რამდენი დაიხარჯა ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე, ახალგაზრდობაზე, სპორტზე, კულტურაზე, რამდენი ლარის ფულადი ჯილდო გაიცა და ა.შ. და ა.შ. აქვე, იმაზეც საუბრობს, რომ 2021 წელს, პანდემიის გამო, გარკვეული ღონისძიებები ვერ ჩატარდა.
https://www.facebook.com/ambrolaurimunicipality/posts/pfbid02SvyQTUydkbdeU5tqqdn6Mv5sYYTgHu2UMM5X6GdjYWvxq9c14Uqa2Zw92NUJAfSql
მთელ ამ ანგარიშში 2022 წელს მხოლოდ ორჯერ ახსენებს: პირველად მაშინ, როცა საუბრობს ქალაქ ამბროლაურში მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელიც 2022 წლის ბოლოს (უკვე წლის ბოლოა) უნდა დასრულდეს, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ის ამბობს, რომ 2021 წელს შეიმუშავეს 2022-2024 წლების ახალგაზრდული სტრატეგია. არადა, ამ სტრატეგიის მიღებიდან უკვე 1 წელი გავიდა და წესით, მერს, ამ ანგარიშში 2022 წელს გაწეულ სამუშაოებზე უნდა ესაუბრა.
და ზოგადადაც, როგორც უკვე გითხარით, კანონით, მერმა სწორედ მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში უნდა წარუდგინოს მოსახლეობას და არა – გასული წლისა თუ ხუთწლედის.
https://www.facebook.com/ambrolaurimunicipality/videos/779523049952584/
ჩვენ ვეცადეთ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე მოგვეძიებინა 2022 წლის ანგარიშებიც, თუმცა, ერთადერთი, რაც წელს ვებგვერდზე განუთავსებიათ, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშია. მერის ანგარიშებიდან ვებგვერდზე მხოლოდ 2019, 2020 და 2021 წლების ანგარიშებია ატვირთული. ბოლო ანგარიში კი, როგორც ხვდებით, 1 წლის დაგვიანებით, 2022 წლის 21 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. ეს მაშინ, როცა მხეიძე ამ მუნიციპალიტეტის მერი 2017 წლიდანაა.
მერის ანგარიშის წარდგენად წოდებულ ფეისბიქლაივს, რომელზეც კითხვებიც უნდა დასმულიყო, სულ 1 200 ნახვა, 91 მოწონება და 5 კომენტარი აქვს. ამ ხუთი კომენტარიდან არცერთი არაა შეკითხვა – ყველა მხოლოდ მადლობას უხდის მერს “გაწეული საქმიანობისთვის”.