აუდიტი: ამბროლაურში კვიპაროსები ზამთარში დარგეს, რის გამოც უმრავლესობა გახმა

1145

შემდეგი სტატია

ამბროლაურში კვიპაროსები ზამთარში დარგეს, რის გამოც უმრავლესობა გახმა, – ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშში წერია, 2017 წლის ივნისში მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ელიტ ბილდერ გრუპთან“ ქალაქ ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გამწვანების სამუშაოების შესყიდვაზე, 51 თანხით 13.3 ათასი ლარი. მიმწოდებელს 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაერგო 600 ძირი კვიპაროსის ნერგი.

ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში გამხმარი ნერგები ჩაენაცვლებინა საკუთარი სახსრებით.

ხელშეკრულების მიხედვით ხეები უნდა დარგულიყო 2017 წლის ივნისში, თუმცა მიმწოდებელმა სამუშაოები არ შეასრულა დროულად და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა 2018 წლის 8 იანვარს (6 თვის დაგვიანებით) 52 ისე, რომ არ შეუფასებია პერიოდის გათვალისწინებით სამუშაოების მიზანშეწონილობა.

კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ვერ დაგვისაბუთა რამდენად ხელსაყრელი იყო ზამთრის პერიოდი კვიპაროსის ხეების დასარგავად. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ მუნიციპალიტეტს ვერ მიეღო დაგეგმილი შედეგი და დარგული კვიპაროსის ხეები გამხმარიყო.

აღნიშნული რისკი დადასტურდა იმით, რომ სამუშაოების მიღება-ჩაბარებიდან დაახლოებით 5 თვეში, 2018 წლის 17 მაისს, მუნიციპალიტეტმა შეადგინა დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც 600 ძირი კვიპაროსიდან გამხმარი იყო 492 ნერგი.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიმწოდებელმა 2019 წლის აპრილში ჩაანაცვლა გამხმარი ხეები. გამწვანების ზოლის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ დარგული ხეების უმრავლესობა გამხმარია.

“შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს განხორციელებული ნიადაგის კვლევა, იმის დასადგენად, ტერიტორია შესაფერისი იყო თუ არა მათ მიერ შერჩეული მცენარისათვის. ასევე არ განიხილა არახელსაყრელ პერიოდში ხეების დარგვასთან დაკავშირებული რისკები. შედეგად, დაგეგმილი პროექტი – გამწვანების ზოლის მოწყობა – ვერ განხორციელდა და არაეფექტიანად დაიხარჯა 13.3 ათასი ლარი,”- წერია ანგარიშში.