კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ წერილს, რომელიც მიიღეს, ხელს ათი ადამიანი აწერს. მათ შორის ხელოვანები – თეატრის მსახიობები, მხატვრები.
“მათი არგუმენტია ის, რომ აბესალომ ტუღუში იყო გამორჩეული ისტორიკოსი, რომელსაც ჰქონდა ბევრი სამეცნიერო ნაშრომი და სამეგრელოსა და ზუგდიდის ისტორიაზე მუშაობდა”, – აღნიშნა ირაკლი ლაგვილავამ.
მისივე თქმით, საკითხს კომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. საკრებულოს სხდომაზე გატანამდე, მოსახლეობას შეხვდებიან და ერთ-ერთ ვარიანტად, ქუჩისთვის აბესალომ ტუღუშის სახელს შესთავაზებენ.
აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხები, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ჩიქვანთა გამთავრების ისტორიიდან სამეგრელოში, ცაიშის საეპისკოპოსო ნაწილია ისტორიკოსის ნაშრომების.
აბესალომ ტუღუში წერდა, ასევე, მეგრული გვარების და საქართველოს ფეოდალური ხანის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიაზე, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის თემებზე.