მარნეულელმა აქტივისტებმა მერიის შენობის წინ ჰალვა მიიტანეს და მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტს „ორმოცი“ გადაუხადეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტი 26 დეკემბერს, მისი მიღების დღეს „გარდაიცვალა“. დღეს კი, 4 თებერვალს, მეორმოცე დღეს ბოლო გზაზე აცილებენ.
სამოქალაქო აქტივისტი რაშან ზიადალიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობისა და მათი საჭიროებების გათვალისწინების გარეშე მიიღო.
„დაახლოებით 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო მერიამ სოფლებში „შეხვედრები“ მოსახლეობასთან და ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. სოფლებში აქტივისტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია შეხვედრების შესახებ და მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერებმა იცოდნენ. ასევე იყო გენდერული პრობლემები, მარნეულის თვითმმართველობამ არ გაითვალისწინა ქალების საჭიროებები ბიუჯეტის დაგეგმვისას, რადგან შეხვედრებზე ქალები არ გამოდიოდნენ. მაგალითად სადახლოში, სადაც დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობდა შეხვედრაზე, ქალები არ იყვნენ“,- აცხადებს პერფორმანსის ერთ-ერთი მონაწილე რადიო “მარნეულთან”.
სამოქალაქო აქტივისტი ასევე განმარტავს, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვას მხოლოდ მარნეულის მერიის მიერ მოწვეული საჯარო მოხელეები და სკოლებისა და ბაგა-ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მაგათმა ორმოცი გადაუხადონ თავიანთ იმას… ეგ არის უზრდელობა, რასაც ეგენი აკეთებენ“, – ასე შეაფასა აქტივისტების აქცია-პერფორმანსი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ.
გიორგაძე რადიო „მარნეულთან“ ამბობს, რომ ბიუჯეტის დაგეგმარების დროს მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა.
„მერია ცალკე აწარმოებდა შეხვედრებს და ჩვენ – ცალკე. შემდეგ დავჯექით, ეს მოგროვებული ინფორმაცია გავაშალაშინეთ, შევჯერდით და პრიორიტეტები, რაც გამოიკვეთა მოსახლეობასთან, გათვალისწინებულია. რაც წელს ვერ მოხვდა ბიუჯეტში, გათვალისწინებული იქნება შემდეგი წლების ბიუჯეტში. მაგათ თუ აინტერესებდათ, როცა მიდიოდა განხილვები, უნდა მოსულიყვნენ და დასწრებოდნენ. მაშინ არ ეცალათ ამისთვის და ახლა რაღაცებს იგონებენ“, – ამბობს ამირან გიორგაძე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 44 384 900 ლარს შეადგენს. აქედან 33 423 100 ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან, ხოლო 10 961 800 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა.
აქტივისტები მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტს "ორმოცს" უხდიან
Posted by Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM on ორშაბათი, 03 თებერვალი, 2020