აუდიტი: 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა მცხეთაში სამშენებლო სამუშაოებში, რომელთა ღირებულებაც დაუსაბუთებელია და რომელთა ნაწილიც უხარისხოდ შესრულდა

782

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მცხეთის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში არაკონკურენტულ გარემოში შეისყიდა 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები და ამ პროექტების შესყიდვის შესწავლისას გამოვლინდა სისტემური ხარვეზები. კერძოდ, მუნიციპალიტეტი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დაგეგმვისას არ ითვალისწინებდა ყველა შესასრულებელ სამუშაოს. ახალი სამუშაოების შესყიდვის მიზნით დაუსაბუთებლად, სისტემატურად ზრდიდა სახელშეკრულებო ღირებულებას 10%-ის ფარგლებში, – ამის შესახებ წერია მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 19,985.1 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები. აქედან 10,273.7 ათასი ლარის ღირებულების 17 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 10%- ის ფარგლებში, 949.3 ათასი ლარით.

კერძოდ, აღნიშნულ 17 ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებიდან ამოიღეს 704.3 ათასი ლარის შესასრულებელი სამუშაოები, შეტანილი ცვლილებების შედეგად კი დაემატა 1,653.6 ათასი ლარის სამუშაოები. მათ შორის დაემატა 1.1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლებიც პირველადი ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა 1.1 მილიონი ლარის – სამუშაოების ფასების განსაზღვრის ამსახველი მტკიცებულებები. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ცვლილებები არ წარმოადგენდა გამონაკლის შემთხვევებს და ის სისტემატურ ხასიათს ატარებდა. ხელშეკრულების ზრდის ფარგლებში მიმწოდებლები დამატებით ასრულებდნენ ისეთ სამუშაოებს რომელთა განსაზღვრაც წინასწარ შეიძლებოდა, ან შესაძლებელი იყო ამ სამუშაოების ახალი ტენდერის საშუალებით შესყიდვა. აღსანიშნავია, რომ დამატებული სამუშაოების ძირითადი ნაწილის ერთეულის ფასები დგინდებოდა მუნიციპალიტეტის და მიმწოდებლის შეთანხმებით, რაც წარმოშობს არაეკონომიური ხარჯვის რისკს.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დამკვიდრებულია არასწორი პრაქტიკა – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დაგეგმვისას არ ითვალისწინებდა ყველა შესასრულებელ სამუშაოს. ახალი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტი სისტემატურად, დაუსაბუთებლად ზრდიდა სახელშეკრულებო ღირებულებას 10%-ის ფარგლებში. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები მუნიციპალიტეტის მიერ სახელშეკრულებო ღირებულების ზრდასთან დაკავშირებით. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში არაკონკურენტულ გარემოში შეისყიდა ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები და არ გამოიყენა ფინანსური რესურსის რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობა.

აუდიტის რეკომენდაციია, მცხეთის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვების დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს მის განსახორციელებლად ყველა აუცილებელი სამუშაო. შედეგად, შესყიდვის პროცესში ჩამოყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. ხელშეკრულების ღირებულების ზრდა განახორციელოს მხოლოდ ობიექტური გარემოებების შემთხვევაში.

აუდიტის ანგარიშში ვრცლადაა აღწერილი, მაგალითად, რა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები იყო სპორტული კომპლექსისა და კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას.

სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვ

2018 წელს მცხეთის მერიამ ჩაიბარა მცხეთაში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5,184.6 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ, სამუშაოების შესყიდვის პროცესის შესწავლის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებები, რითაც ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის ინტერესებს.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პრეტენდენტის, შპს „ელ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკიც შეიცავდა ხარვეზებს, შპს „ელ ჯორჯია“ გამოცხადდა გამარჯვებულად და 2015 წლის 15 სექტემბერს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 4 723.6 ათასი ლარი.

აუდიტი აცხადებს, რომ შპს „ელ ჯორჯია“ არ ასრულებდა სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით და სისტემატურად არღვევდა მას. ხელშეკრულება გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს,  რაც ამ შემთხვევაში 297.6 ათას ლარს შეადგენს, თუმცა, მუნიციპალიტეტს მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო არ დაურიცხავს.

გარდა ამისა,  აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიერ შესასრულებელი ძირითადი სამუშაოების თანხა აჭარბებდა ტენდერით გათვალისწინებულს და ბიუჯეტიდან ზედმეტად გადარიცხულმა თანხამ მინიმუმ 90.9 ათასი ლარი შეადგინა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა შესასრულებელ და ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოების მოცულობებს შორის სხვაობა. ხელშეკრულებიდან ამოიღეს 471.6 ათასი ლარის, ხოლო დაამატეს – 943.5 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაო. შედეგად, ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 471.9 ათასი ლარით და შეადგინა 5,195.5 ათასი ლარი.

“ქალაქ მცხეთის სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ყველა ეტაპზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები: სატენდერო კომისიამ ვერ გამოავლინა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში არსებული მრავალი უზუსტობა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გასწია ზედმეტი ხარჯი; სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის არ დააჯარიმა მიმწოდებელი; საპროექტო დოკუმენტაციაში შევიდა არსებითი ცვლილებები და დაემატა ახალი სამუშაოები, რომელთა შესყიდვა განხორციელდა არაკონკურენტულ გარემოში, ელექტრონული შესყიდვის გარეშე; მუნიციპალიტეტმა დაუკვეთა და შეიძინა კომპლექსის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, რომელიც ვერ გამოიყენა და გასწია არაეფექტიანი ხარჯი,”- წერია დასკვნაში.

კულტურის სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

კულტურის სახლის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მესამე ეტაპი შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ელ ჯორჯიამ“, რომელთანაც ქალაქ მცხეთის მერიამ 2016 წლის 23 აგვისტოს გააფორმა 2,640.0 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 აპრილი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ელ ჯორჯია“ სისტემატურად არღვევდა გეგმა-გრაფიკს, აღნიშნულ გარემოებაზე მუნიციპალიტეტს არ მოუხდენია სათანადო რეაგირება და არ დაუჯარიმებია მიმწოდებელი.

გარდა ამისა, შპს „ელ ჯორჯიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, არასწორად გაიზარდა მასალებისა და სამუშაოების ღირებულება, სამუშაოების ღირებულება გაიზარდა 10%-თ, ანუ 263.3 ათასი ლარით. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან გასწია დიდი ოდენობით ზედმეტი ხარჯი.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სპორტული კომპლექსისა და კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ყველა ეტაპზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევა- ნაკლოვანებები. მუნიციპალიტეტმა შეიძინა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლებიც შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაზედაც არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები. ქალაქ მცხეთის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები სამუშაოების შესყიდვის პროცესში შესაძლოა არ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. მათ მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად, ორივე პროექტის შესრულებისათვის, შპს „ელ ჯორჯიას“ სასარგებლოდ, ბიუჯეტიდან სავარაუდოდ ზედმეტად გადაიხადეს დაახლოებით, 340.0 ათასი ლარი.

გარდა ამისა, ქალაქ მცხეთის მერიამ შეისყიდა საექსპერტო მომსახურება, რომელიც ვერ გამოიყენა და გასწია 23.6 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი.

გარდა იმისა, რომ განსაზღვრულზე მეტი თანხა დაიხარჯა კულტურის სახლის მშენებობაზე, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა და შენობას ხელახალი რეაბილიტაცია დასჭირდა.

უხარისხოდ შესრულებული სამუშაო

კულტურის სახლის მშენებლობის პირველ ეტაპს აწარმოებდა სს „სამშენებლო საწარმოთა გაერთიანება იმერეთი“, რომელმაც სამუშაოები დაასრულა 2015 წლის მარტში, ღირებულებით – 1,296.2 ათასი ლარი. მიმწოდებლის მიერ აშენდა ახალი შენობა, მოეწყო ყინვაგამძლე კერამოგრანიტით მოპირკეთებული ბრტყელი სახურავი.

სამუშაოების საგარანტიო ვადად განისაზღვრა ორი წელი. მიმწოდებლის დაკვეთით, კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩაუტარდა საინჟინრო ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, მშენებლობის ხარისხი შემოწმდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, რომელიც რეალური ხარისხის დასადგენად საკმარისი არ არის.

2019 წლის 21 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა მცხეთის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. ობიექტის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო კულტურის სახლის სახურავი.

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში გამოვლინდა სახურავის დაზიანებები. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მუნიციპალიტეტმა მიმართა შემსრულებელს, რომელმაც გამოასწორა ხარვეზები.

2017 წელს ზამთრის პერიოდში, კვლავ გამოვლინდა სახურავთან დაკავშირებული პრობლემები. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სახურავზე ფილებს შორის ბზარების გაჩენა და წყლის ჩამოსვლა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სახურავი მოწყობილია ბრტყელი გადახურვით – კერამიკული ფილებით, რომელიც არაა მდგრადი ნალექებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ.

პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მცხეთის მერიამ 2019 წელს კულტურის სახლი ხელახლა გადახურა, რაზეც ჯამში 44.9 ათასი ლარი დაიხარჯა, მათ შორის საპროექტო მომსახურებაზე – 1.1 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტს ოფიციალურად არ შეუსწავლია აღნიშნული დაზიანების გამომწვევი მიზეზები, რაც საშუალებას მისცემდა თავიდან აეცილებინა საბიუჯეტო სახსრების დამატებითი ხარჯვა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ პროექტი ან სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, მუნიციპალიტეტს მიმწოდებლის მიმართ უნდა გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. პროექტის ავტორის, ან შემსრულებლის მიმართ უნდა მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება, რაც არ განუხორციელებია.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია საკითხი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია კულტურის სახლის სახურავის დაზიანება – საპროექტო დავალების არასწორად განსაზღვრამ, არასწორად შედგენილმა პროექტმა თუ მიმწოდებლების მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა. მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი სამუშაოების მიღება. შედეგად, ჩაიბარა უხარისხოდ შესრულებული 52.1 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი.