აუდიტი: მცხეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 24-დან – 10 საბავშვო ბაღს მიეწოდებოდა მიკრობულად დაბინძურებული სასმელი წყალი

1357

წინა სტატია

მცხეთის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის დახარჯულია თანხები, თუმცა კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები: სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია; სასმელი წყალი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდებოდა გრაფიკით; წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს; მაგალითად,  59 სოფლიდან სათანადოდ გაწმენდილ წყალს იღებს 33 სოფლის მოსახლეობა, ხოლო 26 სოფელში რჩება ხარისხიანი წყლის მიწოდების პრობლემა. უხარისხო წყალი მიეწოდება მათ შორის საბავშვო ბაღებსაც, 2017 წელს 17-დან – 9 საბავშვო ბაღს და 2018 წელს 24-დან – 10 საბავშვო ბაღს მიეწოდებოდა მიკრობულად დაბინძურებული სასმელი წყალი, – ამის შესახებ საუბარია მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტს გააჩნდა თავისუფალი ფულადი რესურსი, თანხები წყლის პრობლემის გადასაჭრელად არ გამოიყენა.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების პრიორიტეტების დოკუმენტების შესაბამისად, წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა მიჩნეულია ერთ-ერთ პრიორიტეტად.

მოსახლეობის წყალმომარაგებას მუნიციპალიტეტი ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული – შპს „მცხეთის სოფწყალის“ მეშვეობით. წესდების მიხედვით, საწარმოს საქმიანობის სფეროა მოსახლეობისათვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა, სოფლებში არსებული სასმელი წყლის მაგისტრალზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რეზერვუარების რეცხვა-დასუფთავება, დეზინფექცია და სხვ. 2017 წელს შპს „მცხეთის სოფწყალმა“ მუნიციპალიტეტიდან სუბსიდიის სახით მიიღო 544.0 ათასი ლარი, 2018 წელს კი – 770.0 ათასი ლარი. წყალმომარაგების პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი არ ასრულებდა პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

კერძოდ:

სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფდა სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას;

2017-2018 წლებში აბონენტების გამრიცხველიანება არ დაფინანსებულა;

მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის გადასახადის ამოღებას.

აღსანიშნავია, რომ შპს „მცხეთის სოფწყალი“ სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას მუნიციპალიტეტს მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არსებული რთული მდგომარეობის შესახებ.

კერძოდ, წერილებში ხაზგასმულია შემდეგი პრობლემები: საჭირო იყო წყლის დამატებითი შემკრებების, ჭაბურღილების, სანიტარული ზონებისა და საქლორატოროს მოწყობა, წყალსადენის შიდა ქსელის განვითარება; წყლის დებეტის შემცირების გამო რეზერვუარებში არ იყო წყლის საკმარისი რაოდენობა და მოსახლეობა არსებული ხევებიდან თვითნებურად მოიხმარდა სასმელად უვარგის დაბინძურებულ წყალს; წყლის მისაწოდებლად გამოყენებული იყო უვარგისი ფოლადის მილები; ზოგიერთი ჭაბურღილიდან მიღებული წყალი ლაბორატორიული სინჯების მიხედვით არ ექვემდებარებოდა დამუშავებას და არ უნდა გამოყენებულიყო სასმელად; ჭაბურღილიდან მიღებულ წყალს მოჰყვებოდა გოგირდის გემო და სუნი, რაც საჭიროებდა ჰიდრო- გეოლოგიურ გამოკვლევას და სხვ.

შპს „მცხეთის სოფწყალი“ მიმართავდა მუნიციპალიტეტს მიკრობიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევებისათვის საჭირო ლაბორატორიის უქონლობის შესახებ, რის გამოც ვერ ხერხდებოდა წყლის ხარისხის ყოველდღიური კონტროლი. კერძოდ, როგორც სასმელი წყლის მიმწოდებელ სამსახურს, შპს-ს ევალებოდა ჰქონოდა კვლევისათვის აუცილებელი ლაბორატორია. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს საჭირო მოწყობილობების შესყიდვა 2017-2018 წლებში არ დაუფინანსებია.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია საკმარისი ღონისძიებები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მათ შორის, 8 სოფელში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებები 2017-2018 წლებში არ დაფინანსებულა, თუმცა მუნიციპალიტეტს ანგარიშზე გააჩნდა არსებითი მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაშთები.

აუდიტის მიმდინარეობის პროცესში მუნიციპალიტეტის 59 სოფლიდან სათანადოდ გაწმენდილ წყალს იღებდა 33 სოფლის მოსახლეობა, ხოლო 26 სოფელში რჩება ხარისხიანი წყლის მიწოდების პრობლემა. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“, შპს „მცხეთის სოფწყალის“, ა(ა)იპ „თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ წერილებით ირკვევა, რომ ზოგ შემთხვევაში მოსახლეობისა და ორგანიზაციებისათვის მიწოდებული სასმელი წყლის სინჯები არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ნორმებს. მათ შორის, 2017 წელს 17-დან – 9 საბავშვო ბაღს და 2018 წელს 24-დან – 10 საბავშვო ბაღს მიეწოდებოდა მიკრობულად დაბინძურებული სასმელი წყალი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გამრიცხველიანებულია მხოლოდ 9 სოფელი, მათ შორის, 5 სოფელი – ნაწილობრივ. 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული წყალმომარაგების პროექტები მრიცხველების მოწყობას არ ითვალისწინებდა. აღნიშნული იწვევს მოსახლეობის მიერ სასმელი წყლის გაუფრთხილებელ/უკონტროლო ხარჯვას, რაც წყლის დეფიციტის და გრაფიკით მიწოდების ერთ-ერთი მიზეზია.

შპს „მცხეთის სოფწყალი“ 2017-2018 წლებში მოხმარებული წყლის გადასახადს არ იღებდა მოსახლეობიდან, მათ შორის, არც გამრიცხველიანებული აბონენტებიდან, რადგან არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია. კომპანია ლიცენზიის ფარგლებში წყალმომარაგებას ახორციელებდა და ემსახურებოდა 8 სოფელს. 2015 წელს მან მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სამოქმედო არეალიდან ჯერ 7 სოფლის ამოღების, ხოლო 2016 წელს – ლიცენზიის შეჩერების მოთხოვნით. მიზეზად მიუთითა ის, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ უზრუნველყოფდა ლიცენზიის პირობების შესრულებას და ხარისხიანი წყლის მიწოდებას.

აუდიტის დასკვნაა, რომ 2017-2018 წლებში სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა მინიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, გაწეული ხარჯის მიუხედავად, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემები: სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი მიეწოდება გრაფიკით, წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს. არალიცენზირებული პირის მიერ არ ხდება წყლის გადასახადის აკრეფა, რის გამოც საბიუჯეტო სახსრები არაეკონომიურად და არაპროდუქტიულად იხარჯება. მუნიციპალიტეტმა არსებული თავისუფალი ფულადი რესურსი არ მიმართა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად.