ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 7 თებერვლამდე შესვლა უფასო იქნება

438

ზუგდიდის განახლებულ ბოტანიკურ ბაღში 7 თებერვლამდე შესვლა უფასო იქნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის ზვიად ქარჩავას განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის ტარიფებთან დაკავშირებით სამუშაობი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

განახლებულმა ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები 29 დეკემბერს მიიღო. მაშინ ითქვა, რომ ბაღში შესვლა უფასო მხოლოდ პირველ თებერვლამდე იქნებოდა.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.