სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
აუდიტის სამსახურს მერიასთან რამდენიმე შენიშვნა აქვს და ამასთან დაკავშირებით, რეკომენდაციაც გასცა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე დანერგილი არ არის სათანადო კონტროლის მექანიზმები და მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. საუბარია სოფლების: თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე, ზემო ბოლქვში ჭაბურღილის და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე, გიორგეთის კულტურის სახლის შენობისა და ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაციაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერიამ მხოლოდ სამუშაოების მოცულობა შეამოწმა და არა ხარისხი, რის გამოც არსებულ ობიექტებზე პრობლემები წარმოიქმნა.
ანგარიშს არ ეთანხმება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და speqtri.ge-სთან აცხადებს, რომ მათ შესაბამისი განმარტებები უკვე გადაუგზავნეს აუდიტის სამსახურს.
„მანამ, სანამ მუნიციპალიტეტი ჩაიბარებს პროექტს, მას თან ახლავს შესაბამისი აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნა. ყველა იმ სამუშაოზე, რომელიც მოხსნიებულია აუდიტის ანგარიშში, არესებული დასკვნა იქნა გაცემული. ის, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და სრულყოფილად არ შესრულდა, გამორიცხულია. იმისათვის, რომ ხარისხი დაცული იყოს, ნებისმიერ მომწოდებელთან, ხელშეკრულებაში გაწერილია ორწლიანი საგარანტიო პერიოდი. თუ ობიექტს ამ ხნის განმავლობაში რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდება, კომპოანია ვალდებულია აღმოფხვრას. სამუშაოების მწარმოებლებს, რაზეც აქ არის საუბარი, უკვე მივმართეთ. იგივე თამარიანის ბაღზეც, სადაც კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა. ჩვენ არ დავთანხმებულვართ აუდიტის ამ დასკვნას. საპასუხო განმარტებები გავაგზავნეთ ყველა შენიშვნასთან დაკავშირებით. უმნიშვნელო ხარვეზებზეა საუბარი, მაგალითად ის, რომ ბაღის საკუჭნაოს არ გააჩნია ფანჯარა და სამუშაოების შემდეგ ოთახის განიავება ვერ მოხერხდა, ჭერზე კი სინესტისაგან ობია გამოსული. ვარდისუბნის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 16 000 ლარის იყო. გარე ფასადზე, დაახლოებით ერთ კვადრატზე, ჩამოსული იყო ბათქაში. ისეთი ხარვეზები, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა ამ ობიექტის ფუნქციონირებისთვის და უსაფრთხოებასთან ყოფილიყოს კავშირში, არ არსებობს. რაც შეეხება სოფელ ქვემო ბოლქვს, სამუშაოების დასრულებიდან ექვს თვეში დაზიანდა ჭაბურღილი. დასკვნაში წერია, რომ მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, რაც ასე არ არის. მივმართეთ მომწოდებელს. ტენდერის საშაუალებით დაქირავებული გვყავს საზედამხედველო კომპანია. მათი დასკვნით, ეს ხარვეზი გამოწვეული იყო არა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არამედ იმით, რომ ამ მონაკვეთში წყლის დებეტმა მოიმატა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება,“ – ამბობს ჯონდო მდივნიშვილი.
აუდიტის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას და ნაცვლად 6 ავტომობილისა, მერიის ბალანსზეა 12 ავტომანქანა. მერი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ რამდენი ავტომანქანა უნდა ჰყავდეს ადგილობრივ თვითმმართველობას, კანონით განსაზღვრული არ არის.
„რაც შეეხება ავტოპარკს, 2017-2018 წელს ნამდვილად გვყავდა მანქანების ის რაოდენობა, რაც მანდ არის აღნიშნული. განვმარტავ, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს მანქანების გარკვეულ რაოდენობას. მთავრობის რეკომენდაციით არის განსაზღვრული ავტოტრანსპორტის ოდენობა მუნციიპალიტეტის საჭიროებისამებრ. 2019 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოსთან შეთანხმებით, რაციონალურად განკარგვის მიზნით, გაგვეახლებინა ავტოპარკი. ძველი ავტომობილების ნაწილის რეალიზაცია უკვე მოხდა, ნაწილი ელექტრონული აუქციონის გზით გაიყიდება. განახლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საექსპლუატაციო და საწვავის ხარჯები,“ – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.
ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიას 2017-2018 წლებში არასაკმარისი კონტროლის მექანიზმებისა და შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, დასუფთავების მოსაკრებლის სახით დაგეგმილი შემოსავლებიდან, მიღებული აქვს მხოლოდ 60%. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია მოსაკრებლის ადმინისტრირება ფიზიკური პირებისგან. თუმცა ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ისინი აუდიტის დასკვნას, არც ამ ნაწილში ეთანხმებიან.
„დასუფთავების მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებითაც გადაგზავნილი გვქონდა ჩვენი მონაცემები, არც ამ ნაწილში ვეთანხმებით აუდიტის დასკვნას. ლაგოდეხი არის ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც დღეის მდგომარეობით, უკვე დაწყებულია თანხის ამოღება ფიზიკური პირებიდანაც. 50 თეთრია ერთ სულზე განსაზღვრული. 12 000-ზე მეტ აბონენტს შეუძლია კომუნალურ გადასახდებთან ერთად, სწრაფი გადახდის აპარატებიდან ჩარიცხოს თანხა. სისტემა უკვე დანერგილია და გეგმას ვასრულებთ გადაჭარბებით,“.
დასკვნის მიხედვითვე, 2018 წელს ერთ-ერთმა კომპანიამ საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამი ტენდერი მოიგო. თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. სამივე პროექტის ფარგლებში, კომპანია არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქცია. წარმოდგენილი ინფორმაციით, მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. დასკვნის ამ ნაწილთან დაკავშირებით, ჯონდო მდივნიშვილი განმარტავს, რომ თანხების ამოღების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართეს.
„ერთ-ერთი კონტრაქტორი სამ ტენდერში იყო გამარჯვებული. ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მას ხელშეკრულება შეუწყდა. სამუშაოები სხვა კომპანიამ უკვე დაასრულა. რაც შეეხება სრულად ჩარიცხვის თანხებს, წამოწყებული გვაქვს სამართლებრივი დავა, ჯარიმის ამოღებისთვის სასამართლოს სარჩელით მივმართეთ.“
ანგარიშში ასევე საუბარია მერიის აუდიტის სამსახურის არაეფექტურ მუშაობაზე. ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლებში აღნიშნული სამსახური თავის ფუნქცია-მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებდა.