საპროტესტო აქცია ლაგოდეხში – სოფელ შრომა-კავშირის მოსახლეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ცენტრალურ მაგისტრალზე 2019 წლიდან გადათხრილია სანიაღვრე არხები, არ არის ტროტუარები, სკოლაში მიმავალ მოსწავლეებს კი მანქანის სავალ ნაწილზე უხდებათ გადაადგილება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე არაერთი საბედისწერო შემთხვევის მიზეზი გახდა.
“ჩვენი პრობლემაა ცენტრალური გზა, რომელზეც ხდება ათასი უბედურება. კვირა არ გავა, რომ ავარია არ მოხდეს. 5 შვილის დედა ვარ და ამიტომ გამოვედი. შვილები ვერ გამიშვია სკოლაში იმის გამო, რომ ტროტუარები არის გაუბედურებული. უნდა იარო გზაზე. გზაზე ამხელა ტრაილერები, ამხელა მანქანები, ასეთი სწრაფი მოძრაობა… გაუსაძლისი პირობები გვაქვს. მოვითხოვთ, რაც შეძლება სწრაფად მოგვარდეს პირველ რიგში ტროტუარები და შემდეგ უკვე კამერები ან “ბუგაროკები” და საშველი დაადგეს ამას”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციაზე მივიდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
“მოსახლეობა ითხოვს კამერების მონტაჟს, რომელიც სიჩქარეს გააკონტროლებს. ასევე, პროტესტი გამოთქვეს სანიაღვრე არხების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. პირველ ნაწილს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მერიას გამოყოფილი აქვს 70 ათასი ლარი და დაწყებული გვაქვს პროცედურა შსს-ს სპეციალურ დანაყოფთან, რომელმაც შეარჩია ლოკაციები და მას შემდეგ, რაც ტექნიკური დოკუმენტაცია მზად იქნება, მუნიციპალიტეტი შეიძენს ჭკვიანს კამერებს და იქნება დამონტაჟებული. საგზაო ინფრასტრუქტურასთან და სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი და კონტრაქტორი კომპანიაა ჩამოსული. გაესაუბრნენ მოსახლეობას და შეატყობინეს იმ ვადების შესახებ, რა ვადებშიც მოხდება სამუშაოების დასრულება”, – თქვა ჯონდო მდივნიშვილმა.