საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2017-2018 წლებში საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 6 სამორიგეო ავტომანქანა იყო რეკომენდებული, თუმცა სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას აღემატება და 2017-2018 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული − 12 ავტოსატრანსპორტო საშუალებით (2 განპიროვნებული და 10 სამორიგეო ავტომობილი) სარგებლობდა.
აუდიტის ცნობით, მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი შესრულება პრიორიტეტული უნდა იყოს.
გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული “სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ პრინციპების შესაბამისად, სამართლებრივი აქტი, რომელიც დაარეგულირებდა მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ავტომანქანების რაოდენობის საკითხს.
“აღსანიშნავია, რომ სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად გასცემდა საწვავს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მფლობელობაში არსებულ 15 ავტომანქანაზე. 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია 275.8 ათასი ლარის საწვავის ხარჯი. მათ შორის, მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 16.3 ათასი ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან
დაკავშირებით”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად დაშვებული ავტომანქანების ზღვრული ოდენობა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
აუდიტის სამსახური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართავს, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ.
“აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, სასურველია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან”, – ვკითხულობთ აუდიტის რეკომენდაციაში.