ლაგოდეხის მერია დასუფთავების მოსაკრებელს ორგანიზაციების მხოლოდ 60%-დან, ფიზიკური პირებისგან კი საერთოდ ვერ იღებს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
“2017 წელს იურიდიული პირებსა და ორგანიზაციებზე დასუფთავების მოსაკრებლის სახით დარიცხულია 20.0 ათასი ლარი, საიდანაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილია 15.1 ათასი ლარი. 2018 წელს კი დარიცხულია 58.0 ათასი ლარი, ხოლო გადახდილია 33.4 ათასი ლარი. ჯამში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილია დარიცხული მოსაკრებლის 60%.
მიუხედავად აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტს თანხის ამოსაღებად დამატებითი ღონისძიებები არ განუხორციელებია”, – წერია ანგარიშში.
იურიდიული პირებისგან განსხვავებით მუნიციპალიტეტი ფიზიკური პირებისგან დასუფთავების მოსაკრებლის თანხას საერთოდ ვერ იღებს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2017-2018 წლებში ფიზიკური პირებისგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება არ განხორციელებულა, რადგან მუნიციპალიტეტი არ ფლობდა დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირების სრულ ბაზას, რომლის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა მისაღები შემოსავლის განსაზღვრა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ამოღებასთან დაკავშირებით არსებული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლის სრულად მობილიზებას, რომლის ადმინისტრირება შესაძლებელი იქნებოდა
შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციით, რომ დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის გაანგარიშება. ასევე, დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მობილიზებას.
“აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.
ცნობისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს.