ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდაა შესრულებული, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
როგორც აუდიტის დასკვნასი ვკითხულობთ, 2017- 2018 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: სოფელ თამარიანის საბავშო ბაღის რეაბილიტაცია; სოფელ ვარდისუბნის საბავშო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; სოფელ ზემო ბოლქვში ჭაბურღილის და საუბნო ქსელის მოწყობა; სოფელ გიორგეთის კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია; სოფელ ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია.
ამავე დასკვნით, აღნიშნულ პროექტებზე სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა საექსპერტო კომპანიების დასკვნების საფუძველზე. ექსპერტიზით შემოწმებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ხარისხი. თუმცა შესწავლით ირკვევა, რომ ექსპერტიზის მიერ ხარისხის დასადგენად საჭირო ლაბორატორიული კვლევები განხორციელებული არ იყო. შესაბამისად, ჩატარებული ექსპერტიზა არ არის სათანადო და ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასებას.
აუდიტის ცნობით, გარდა საექსპერტო კომპანიებისა, პროექტები, ასევე, შეამოწმა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა. ინსპექტირების ჯგუფის მიერ შესწავლილია სამუშაოების მოცულობები, ხოლო ხარისხი შეფასებული არ არის. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება.
“აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული პროექტები, რა დროსაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და მნიშვნელოვანი დაზიანებები, კერძოდ: სოფელ ზემო ბოლქვში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით 35.2 ათასი ლარი, შესრულებულია უხარისხოდ. ვერ ხერხდება ამოსული წყლის საუბნო ქსელში ჩაშვება. შედეგად, წყლის ნაკადი მიედინება სანიაღვრე არხში, რის გამოც მოსახლეობა ვერ სარგებლობს აღნიშნული ობიექტით. შესწავლით ირკვევა, რომ ჭაბურღილი ექსპლოატაციაში შესვლიდან მალევე (4 თვეში) დაზიანდა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, შპს „სკამაქსმა“ დაზიანებები არ გამოასწორა. მუნიციპალიტეტს სხვა ღონისძიებები ხარვეზების გამოსწორების მიზნით არ გაუტარებია. გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, ასევე, დაზიანებულია და უხარისხოდ არის მოწყობილი 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში №3”, – ნათქვამია დასკვნაში.
ამდენად, აუდიტის დასკვნით, საბავშვო ბაღების, ჭაბურღილის, კულტურის სახლის და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზი შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხია.
“კონტროლის მექანიზმში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება. მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა სამუშაოების საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები”, – წერია ანგარიშში.
თუმცა, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა სამ შემთხვევაში დროულად არ მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით და მათი გამოსწორება მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ მოითხოვა.
“ორ შემთხვევაში მოითხოვა არსებული დაზიანების გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორების მოთხოვნიდან, ერთ შემთხვევაში გასულია 4 თვე, ხოლო მეორე შემთხვევაში − 9 თვე, მიმწოდებლებს არ გამოუსწორებიათ არსებული დაზიანებები. მუნიციპალიტეტს კი სხვა სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა კონტროლის პროცედურები წარმართეს ისე, რომ ჩაიბარეს 462.3 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად კი, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
“მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები/პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია”, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. აუდიტის რეკომენდაციის მიხედვით, ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.
სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნას გამოეხმაურნენ ლაგოდეხის მერიაში.
როგორც მერიაში შპს “ინტერ პლიუსის” მიერ, სოფლ თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განმარტეს, ბაღის არსებული შენობა იყო ძველი და არასტანდარტული, პროექტმა კი რამოდენიმეჯერ განიცადა მშენებლობის მსვლელობის დროს კორექტირება.
“აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია ჭერი (საკუჭნაოში რომელსაც არა აქვს ფანჯარა, ვერ ხდება განიავება) ჭერზე სისველის გამო გამოსული იყო ობი. არასტანდარტული, ძველი შენობის გამო, კედლების სწორად გამოყვანისათვის რიგ ადგილებში იყო გაჯით ნალესი 15-18 სმ, რამაც შრობის შემდეგ, გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიწვია ბზარების გაჩენა.ბაღი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ფუნქციონირებს შეუფერხებლად. სამშენებლო კომპანია კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე გამოასწორებს აღნიშნულ ხარვეზს”, – განაცხადეს მერიაში.
აღსანიშნავია, რომ მომწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მუნიციპალიტეტის მიერ დაეკისრა საჯარიმო სანქცია და აღნიშნული ჯარიმა, 37.000 ლარი უკვე გადახდილია.
გარდა ამისა მერიაში განცხადება გააკეთეს სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაციაზეც და თქვეს, რომ ბათქაში ჩამოშლილია, დაახლოებით, 1-1,5კვ-მდე ფასადის ნალესზე.
ასევე, მერიამ განმარტება გააკეთა სოფელ გიორგეთში კულტურის სახლის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზეც.
“აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ დაზიანებულია შიდა კედლები, ჩამოცვენილია საღებავი, შპაკლი და ბათქაში. დაზიანება ნამდვილად არის მაგრამ უმნიშვნელო მონაკვეთზე”, – თქვეს მერიაში.
რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანში სტადიონის რეაბილიტაციას მერიაში ამბობენ, რომ რომ მშენებლის ოფიციალური განმარტებით ხარვეზი გამოწვეულია არა უხარისხო შესრულებით, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფუნქციობის გამო. როგორც აუდიტის დასკვნის საფუძველზე და მერიის მოკვლევის საფუძველზე ირკვევა, ძირითადად არის უმნიშვნელო და ტიპიური შენიშვნები, ნალესის, საღებავის და ბათქაშის ჩამოცვენასთან დაკავშირებით.
ასევე, აუდიტის დასკვნაში ნახსენებია სოფელ ქვემო ბოლქვში ჭაბურღილის მოწყობა რაზეც მერიაში ამბობენ, რომ მშენებლისა და საზედამხედველო კომპანიის ოფიციალური განმარტების შედეგად დაადგინეს, რომ ეს გამოწვეულია წყლის დამატებითი დებეტის წარმოქმნის გამო, რაც არანაირად არ უკავშირდება კონტრაქტორის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას.
მათივე ცნობით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად 2020 წლის 17 იანვარს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს.
“ყველა დასრულებულ ობიექტზე ექსპლუატაციაში მიღებამდე წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები, შესრულებული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესახებ შესაბამისი აკრედიტირებული ორგანიზაციების მიერ. სამ ობიექტზე ეს იყო მიმწოდებლის დაკვეთით შპს “საქართველოს ექსპერტიზისა და აუდიტის ეროვნული პალატა”, ასევე, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს “საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი”. რაც ადასტურებს იმას , რომ ობიექტების ჩაბარების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არავითარი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
შპს „ვესტა დეველოპმენტი”-ს მიმართ, რომელიც აწარმოებდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და რომელიც, ასევე, ნახსენებია აუდიტის დასკვნაში, მუნიციპალიტეტს წამოწყებული აქვს სამართლებრივი დავა სასამართლოში და წარდგენილია შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნა.
აუდიტის მსვლელობის და პირველადი ანგარიშის გაცნობის შემდეგ აუდიტის სამსახურს მუნიციპალიტეტიდან ოფიციალურად გადაეგზავნა შეტყობინება. მიმართვაში მოყვანილი იყო განმარტებები და არსებითი გარემოებები გამოვლენილ შენიშვნებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო დასკვნაში ისინი ასახული არ არის. მიუხედავად ამისა, ყველა ის შენიშვნა და ხარვეზი, რაც დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის მიერ“, – აცხადებენ ლაგოდეხის მერიაში.