აუდიტის რეკომენდაციის მიუხედავად, ახალციხის მერიამ კიდევ 4 მანქანა იყიდა

482

2013-2022 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი ავტომობილების, ავტოპარკის შენახვისა და საწვავზე, ბიჯეტიდან დახარჯულმა თანხამ 2 119 855 ლარი შეადგინა. 2021 წელს, აუდიტის სამსახური მერიას საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ოთხი მანქანა შეიძინა.  ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ ახალ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ ძველები ამორტიზებული და ხარჯიანია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად,  2013–2022 წლებში, ავტომობილების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 599 ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში, ავტოპარკის შენახვა და მოვლა ადგილობრივ ბიუჯეტს 480 750 დაუჯდა. არანაკლებ მოცულობითია საწვავის ხარჯიც, რომელიც ბოლო ცხრა წელში 801 506 ლარს შეადგენს.

ავტომობილების (4 ერთეული) ბოლო შესყიდვა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს, 67 803 ლარად განახორციელა.

2021 წელს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018-2019 წლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6-7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 19 სამორიგეო მანქანით, ხოლო 2019 წელს – ბალანსზე რიცხული 25 სამორიგეო და 13 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატებოდა რეკომენდებულ ოდენობას, 2019 წელს მერიამ კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით დამატებით შეისყიდა 6 ერთეული მანქანა.

მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილები განახლებას საჭიროებს. იგეგმება ნაწილის გაყიდვაც.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მე არ ვიყავი, ვერ დავეთანხმები აუდიტს. წელს, ჯამში ოთხი ავტომობილი ვიყიდეთ. ზედამხედველობის სამსახურისთვის, ინსპექციისთვის იყო საჭირო ავტომობილების შეძენა. დანარჩენი ავტომანქანები მერიის სტრუქტურებში გადანაწილდება. ჩვენ გვყავს ბევრი, საკმაოდ ამორტიზებული და დიდი ხარჯის მქონე ავტომობილი და საჭიროა ავტოპარკის განახლება და ამ ავტომობილების ჩანაცვლება. ძველი ავტომობილებიდან ბევრი უნდა გავყიდოთ“,-აცხადებს იგი.

რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2013–2022 წლებში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეძენილი ავტომობილების, ავტოპარკის შენახვისა და საწვავზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრებმა ჯამში 409 698  ლარი შეადგინა, საიდანაც 302 092 ლარი  საწვავის ხარჯია, ავტოპარკის შენახვა/მოვლა პატრონობის 63 926 ლარი, 43 680 ლარი კი ახალი ავტომობილების შესაძენად, 2019 წელს  დაიხარჯა.

2021 წლის აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის მომზადების პერიოდში, მერიამ ვერ წარმოადგინა „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ შესაბამისად მიღებული სამართლებრივი აქტი. მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება.