აუდიტი: ლაგოდეხის მერიამ სამშენებლო კომპანიისგან საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მიღება ვერ შეძლო

818

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლაგოდეხის მერიამ სამშენებლო კომპანიისგან საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მიღება ვერ შეძლო, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა შპს „ვესტა დეველოპმენტს“ ქალაქ ლაგოდეხში გზების სარეაბილიტაციოდ 524.0 ათასი ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულებების ფარგლებში კი სოფელ განჯალაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის, ყაზბეგისა და კუდიგორის ქუჩების რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო. თუმცა აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით მიმწოდებელმა სულ 269.5 ათასი ლარის სამუშაო შეასრულა, რაც აუნაზღაურდა სრულად, ხოლო დანარჩენი 254.5 ათასი ლარის სამუშაოების შესრულება ვერ შეძლო.

გარდა ამისა, აუდიტის ცნობით, შპს „ვესტა დეველოპმენტმა“ მოითხოვა ხელშეკრულებების ვადის გაზრდა, რადგან უამინდობის, ფირმის ფინანსური პრობლემების და ბაზარზე არსებული ბიტუმის ფასის ცვალებადობის გამო ვერ ახერხებდა სამუშაოების დროულ დასრულებას. აღნიშნულის საფუძველზე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და გაიზარდა ხელშეკრულების
მოქმედების ვადა, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა დარჩა უცვლელი. გაზრდილი ხელშეკრულების ვადების მიუხედავად კი, მიმწოდებელმა მაინც ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება, რის გამოც შეუწყდა ხელშეკრულებები და მუნიციპალიტეტის მოთხოვნით დარეგისტრირდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

“შესწავლით ირკვევა, რომ შპს „ვესტა დეველოპმენტი“ სამივე პროექტის ფარგლებში არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა საჯარიმო სანქცია. მიმწოდებელი არ იხდიდა დაკისრებულ ჯარიმას, მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად უნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.

აღსანიშნავია, რომ მიზეზები, რის გამოც მიმწოდებელი დროულად ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების დასრულებას, არ არის სათანადოდ არგუმენტირებული. წარმოდგენილი ინფორმაციით, კომპანიას გააჩნდა ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ ვერ შეძლებდა სამუშაოების დროულ დასრულებას”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს შუალედური ანგარიშსწორებისას უნდა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება და დაკისრებული საჯარიმო სანქციის გადახდამდე არ უნდა აენაზღაურებინათ სამუშაოების ღირებულება.

“სამივე ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლისთვის დარიცხული საჯარიმო სანქცია სულ შეადგენს 22.2 ათას ლარს. აუდიტის მიმდინარეობისას აღნიშნული თანხა გადახდილი არ იყო. სოფელ განჯალაში გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებულ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხულ ჯარიმაზე (9.4 ათასი ლარი) მიმდინარეობს სასამართლო დავა, ხოლო ყაზბეგისა და კუდიგორის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში დარიცხული ჯარიმის (12.8 ათასი ლარი) მისაღებად მუნიციპალიტეტმა მიმართა სასამართლოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხით დასინტერესების შემდეგ, 2019 წლის 17 სექტემბერს”, – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, როგორც აუდიტის ანგარიშით ირკვევა, სოფელ განჯალაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე შპს „ვესტა დეველოპმენტს“ წარდგენილი ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თანხით 10.5 ათასი ლარი.  მუნიციპალიტეტი კი ვალდებული იყო, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდისას, მოეთხოვა მიმწოდებლისათვის შეცვლილი ვადის შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რაც
არ განუხორციელებია. რის შედეგადაც, მუნიციპალიტეტმა დაკარგა 10.5 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა პროცესი წარმართეს ისე, რომ ვერ უზრუნველყვეს საბანკო გარანტიით განსაზღვრული 10.5 ათასი ლარის მიღება. ასევე, დასკვნით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია კანონით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებები მიმწოდებელზე დარიცხული საჯარიმო სანქციის მისაღებად.