მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორგიულის გზა აღარ დაიტბორება. 29 იანვარს, სოფელში გამართულ კრებაზე მოსახლეობამ მხარი ცენტრალურ ქუჩაზე წყლის კალაპოტის მოწესრიგებას დაუჭირა. პროექტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 16 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
კრებას 30-მდე ადამიანი ესწრებოდა და მათ შორის არ იყვნენ ქალები, რაც რადიო “მარნეულის” ფოტომასალაში ჩანს. კრების ოქმში კი 62 ადამიანი დარეგისტრირდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც კრების ლეგიტიმურობისთვის არის საჭირო. დამსწრეთა აუცილებელი მინიმუმი სოფელში მცხოვრები ამომრჩევლის 20%-ით განისაზღვრება.
მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გვითხრა, რომ რეგისტრაცია საკმარისმა ადამიანმა გაიარა და მან არ იცის, თუ რა დავითვალეთ ჩვენ.
„იქ ზოგი პედაგოგი გამოვიდა გარეთ შესაძლებელია, დარეგისტრირდა, მიიღო მონაწილეობა და შენ რა დაინახე არ ვიცი, რა დროს მოხვედი ეგეც ვერ შევამჩნიე“, – ამბობს ნინო დეკანოიძე, რომელიც სოფლის კრების დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდა.
სოფელ ნორგიულის მოსახლწობამ მერიაში სამი წინადადება შეიტანა.
“სასაფლაოს გზის მოპირკეთება, ნორგიულის ცენტრალური სტადიონის აღდგენა და ცენტრალური ქუჩის წყლის კალაპოტის მოწყობა, ეს ის საკითხებია, რომლებიც სოფლის მოსახლეობამ მერიაში დაარეგისტრირა”, – თქვა ნინო დეკანოიძემ.
200 ადამიანი უნდა დასწრებოდა კრებას 29 იანვარს მარნეულის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში – საიმერლოში, რომ გადაეწყვიტათ, რას უნდა მოხმარებოდა სოფლისთვის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხა. თუკი სოფელ ნორგიულში ფურცელზე დარეგისტრირებული და რეალურად მისული ადამიანების რაოდენობა კითხვას ბადებდა, საიმერლოში ხალხის სიმწირე იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ კრება ჩაიშალა. სოფელში დარეგისტრირებული საკითხების გადაჭრაზე ხმის მიმცემთა განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის მეოთხედიც ვერ შეიკრიბა.
სოფლის კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია საიმერლოელ ქეთევან ქველაძეს.
„ჩემთვის არავის უთქვამს, რომ შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო. რომ მცოდნოდა, აუცილებლად დავესწრებოდი“, – გვეუბნება ქეთევან ქველაძე.
ქეთევანის მსგავსად, სოფლის კრების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა საიმერლოს სხვა მცხოვრელბებსაც.
„პირველად მესმის თქვენგან, რომ სოფლის კრება ჩატარდა. რომ მცოდნოდა მივიდოდი, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. სამეზობლოშიც ვიყავი გასული დღეს და არავის არ უთქვამს, რომ ასეთი შეკრება უნდა ჩატარებულიყო, თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ჩემს სათქმელსაც ვიტყოდი“, – გვეუბნება საიმერლოელი ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სოფლის კრებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზეც ჰქონდათ გამოქვეყნებული, ასევე სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ხალხმრავალ ადგილებში განცხადებები იყო გავრცელებული და რწმუნებული პირადადაც გაესაუბრა მოსახლეობას.
იმ შემთხვევაში, თუ საიმერლოში სოფლის კრება მეორედაც ჩაიშლება, სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარი კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტში დაბრუნდება, ხოლო მერიაში დარეგისტრირებული პრობლემები: იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა, სარიტუალო დარბაზის სახურავის შეცვლა და ამავე დარბაზში კონდიცირების სისტემის დამონტაჟება მოუგვარებელი დარჩება.