გარდაბნის მერია: მზიანეთში სპორტული ტრენაჟორების მოედანი მოსახლეობის სურვილით დავდგით

1194

“ფეისბუქში” გავრცელებული ფოტოების პასუხად, რომელიც სოფელ მზიანეთში, გაშლილ მინდორზე ახლადგაკეთებულ მოედანს ასახავს, სადაც 5 სკამი და ორი სავარჯიშო მოწყობილობაა დამონტაჟებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ღია სივრცეში სპორტული ტრენაჟორები მოსახლეობის თხოვნით დაიდგა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ფოტოების ავტორს, სოფელ მზიანეთში მოწყობილი სკვერი, მისთვის სასურველი რაკურსით აქვს გადაღებული, არ ჩანს დასახლებული პუნქტი და შესაბამისად არც საცხოვრებელი სახლები.

,,მოსასვენებელი სკვერი 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მზიანეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა და ადგილმდებარეობაც მათი გადაწყვეტილებით შეირჩა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრში მდებარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არსებობს შესაბამისი კრების ოქმებიც. 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში აღნიშნულ სივრცეზე – დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ბალახის საფარი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ტრენაჟორები,”- აცხადებენ გარდაბნის მერიაში.

2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სოფელ მზიანეთისთვის გამოყოფილი თანხებით და კვლავ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით სკვერის მიმდებარედ, მოეწყობა რეკრიაციული ზონა. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით გამოიყოფა გარკვეული თანხა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება კომბინირებული მინი სტადიონი“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით ავრცელებს.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=588418851937636&id=217342235711968

სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დოკუმენტის მიხედვით მოედნის მოწყობა 11 216 ლარი დაჯდა, ხელშეკრულება კი მუნიციპალიტეტსა და კონტრაქტორ კომპანია, შპს “ელიტ დესინ”-ს შორის 2019 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა.