ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა

715

ყველაზე სუფთა ქალაქი და მუნიციპალიტეტი ზუგდიდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. მათივე ცნობით, ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაშიც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

“მიმდინარე წელს, კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.

კონკურსი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.