თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი თელავის უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ სიმაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. თელავის მერი რამდენიმე დღის წინ მკვლევარ თენგიზ სიმაშვილის ცემის ფაქტს და მისი მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ნარეკლიშვილმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, თუ პროფესორი მისი მისამართით ცილისმწამებლურ ვარაუდებზე ბოდიშს არ მოიხდის, მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყეს.
“სიმაშვილის ცილისმწამებელი განცხადებების დროს მე არ ვიყავი საქართველოში. აქედან გამომდინარე დღეს მინდა გამოვეხმაურო იმ ბრალდებებს,რაც ჩემი მისამართით გააჟღერა, როგორც მედიით,ასევე სოციალური ქსელით. ის რომ მე სიმაშვილთან რაიმე დაპირისპირება მქონდა გოდერძიშვილი ჩემი ნათესავია სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე ვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას,სხვა შემთხვევაში სამართლებრივ დავას დავიწყებ”,- განაცხადა ნარეკლიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებდა. მომხდარს კი თელავის მერს უკავშირებდა.
მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლში მისი ნაცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. სიმაშვილის მტკიცებით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მერის ნათესავია.