თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს. მომხდარს კი თელავის მერს უკავშირებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელ სახლში მისი ნაცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. სიმაშვილის მტკიცებით, თავდამსხმელი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მერის ნათესავია. მანამდე კი, მასზე არაერთი მუქარა განახორციელა.
“გოჩა გოდერძიშვილი მოკვლით მემუქრებოდა, ვიცნობ, ამ ადამიანის ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ შეხება არ მქონდა წლებია. გოდერძიშვილმა რამდენჯერმე ჩემს მეგობრებთან საუბარში ახსენა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ახლობელია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მერთან ნათესაური კავშირის გამო, დამიპირისპირდა, რადგან ჩვენ ახლა შევიტანეთ მოთხოვნა რეპრესირებულთა მუზეუმის გახსნაზე. ნარეკლიშვილს ეს არ სურს, მერს არ სურს მუზეუმის გახსნა. ვფიქრობ, ეს მუქარაც და თავდასხმაც მერის განწყობას უკავშირდება. მოვითხოვ სამართლიანად გამოიძიონ”, – აღნიშნა სიმაშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ძალადობას გულისხმობს.