წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის თქმით, ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდება მალე აღდგება

669

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ვარაუდობთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მალე შევძლებთ ბაკურიანის პრობლემურ სასტუმროებში წყლის მიწოდების აღდგენას, – ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა გრიგოლ მანდარიამ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელ ღამე მიმდინარეობდა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისთვის დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს”, -აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გროგოლ მანდარია.

მისივე განცხადებით, ბაკურიანის 85%-ს წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს – „მგზავრების პანორამა“, “რუმსს” და “მგზავრების” რამდენიმე კურპუსს.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ დღეიდან წყალმომარაგება აღნიშნულ სასტუმროებს სრულად აღუდგეს.

რაც შეეხება გუდაურში, “რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კომპანიის დირექტორის თქმით, აქ პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.

,,მიუხედავად ამისა, დღეს მობილიზებული იქნება 25-კაციანი ჯგუფი, ვაპირებთ სარეზერვო ხაზის მშენებლობას, იმისთვის, რომ დამსვენებლების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნას და შევძლოთ მთლიანი გუდაურის უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

7 იანვარს ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა გათავისუფლდა.

ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა თითქმის ერთი კვირაა მოუგვარებელია. ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.