ბოლო 6 თვეში ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი თბილისს, ბათუმს, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგსა და ქუთაისს ესტუმრა

352

მიმდინარე წლის 6 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% თბილისში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი მოსდევს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ამავე პერიოდში, უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის I-II კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა) მოჰყვება. დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის, გუდაურში, რომლის წილმა 8.8% შეადგინა. შემდეგ მოსდევს მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო და სხვა) 8.3%-იანი წილით. ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა) 7.1%; ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა) 6.9%; მარნეული 6.1%; ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა) 4.5%; სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა) 3.3%; გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა) 2.8%.

„ტურიზმის სექტორის პოზიტიური აღდგენის დინამიკა ყოველთვიურად სტაბილურად მიმდინარეობს. შედეგად იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 3 256 370 შეადგენს, რაც 2019 წლის ვიზიტების 51.5% აღდგენის მაჩვენებელია (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან +209%). ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების რაოდენობის აღდგენის მაღალი მაჩვენებელი 65.3%, რაც 2 251 978 ტურისტული ვიზიტით განისაზღვრა (ზრდა წინა წელთან შედარებით +155%),“ – აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, შიდა ვიზიტორების მიერ ყველაზე პოპულარულ ქალაქებშიც თბილისი (23.6%) ლიდერობს. დედაქალაქს იმერეთის რეგიონი (17%) და აჭარა (9.5%) მოსდევს.

“შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2022 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, 7 983 907 შეადგინა, რაც 2019 წლის I-II კვარტალთან შედარებით, +20.2%-ით არის გაზრდილი. ვიზიტების უმეტესი ნაწილი თბილისში განხორციელდა (23.6%), მას იმერეთის რეგიონი (17%) და აჭარა (9.5%) მოსდევს,” – აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.

ქალაქების ტოპ 10-ეული, რომლებსაც შიდა ვიზიტორები წელს ყველაზე აქტიურად სტუმრობდნენ, გამოიყურება: თბილისი 23.6%; იმერეთი 17%; აჭარა 9.5%; კახეთი 9%; მცხეთა-მთიანეთი 8.9%; ქვემო ქართლი 8.4%; შიდა ქართლი 8.3%; სამეგრელო-ზემო სვანეთი 7.1%; სამცხე-ჯავახეთი 3.7%; გურია 2.7%; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 1.9%.