რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში ჩავიდა. მაია ცქიტიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას იმედი ნიუსი ავრცელებს.
მისი ინფორმაცით, ბაკურიანში წყლის მიწოდების პრობლემა სასტუმროების 20%-ს ჰქონდა, ამ დროისთვის კი წყლის მაღალი ჭავლით მიწოდების უზრუნველყოფა მიმდინარეობს. ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თაზო გამცემლიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ვიცეპრემიერმა კურორტზე არსებულ ვითარებასა და წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების გზებზე შესაბამისი უწყებებისგან ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა დიდველზე არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და წრიულზე მომუშავე უფასო ავტობუსების მუშაობასაც გაეცნო, რომელთა მეშვეობითაც ბაკურიანში მოძრაობა საავტომობილო საცობებისგან განტვირთა. რაც შეეხება წყალმომარაგებას, ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს სისტემის ტესტირება, რის შემდეგაც დარჩენილ სასტუმროების 10%-ს წყალი უკვე სრული დატვირთვით მიეწოდება.
ცნობისათვის, მაია ცქიტიშვილმა წინა დღით, გუდაურში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ წყალმომარაგების პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა. ბორჯომის მერი კი ფიქრობს, რომ ბაკურიანში წყლის დეფიციტი დამსვენებელთა სიმრაველემ გამოიწვია.
ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა გათავისუფლდა.
ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა თითქმის ერთი კვირაა მოუგვარებელია. ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.
მაია ცქიტიშვილი ბაკურიანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა
▪️მაია ცქიტიშვილი ბაკურიანში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა ▪️ოფიციალური ინფორმაციით, წყლის მიწოდება სამთო კურორტის დარჩენილ 10 პროცენტს, დღის ბოლომდე აღუდგება▪️მაია ცქიტიშვილი: როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა დამსვენებელთა მცირე რაოდენობას. გუდაურში წყლის აღდგენა სრულად მოხდა, ხოლო რაც შეეხება ბაკურიანს, წყლის პრობლემა მხოლოდ სასტუმროების 20 პროცენტში იყო▪️„იმ შემთხვევაში, როცა დამსვენებლებს ჰქონდათ შეფერხება, მათ ვამარაგებდით წყლით დღის განმავლობაში“▪️„ბაკურიანში შეგვიძლია ვნახოთ, რომ საცობების პრობლემა, რომელიც ძალიან აქტუალური იყო წინა წლების განმავლობაში, ბევრად გაუმჯობესებულია ვითარება. დავასრულეთ შემოვლითი ახალი გზისა და წრიული გზის მოწყობა, რომელმაც განმუხტა მოძრაობა. ასევე მოეწყო დამატებითი საპარკინგე ადგილები“▪️„წელს დავიწყეთ ზრუნვა ბაკურიანის მუნიციპალურ ტრანსპორტზე. მიმდინარეობს ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რომელიც სავარაუდოდ შემდეგი სეზონისთვის გვექნება“▪️„ბაკურიანშიც და გუდაურშიც მუშაობენ ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ არა დროებით, არამედ კაპიტალური სისტემების გამართვას და სარეზერვო ქსელების მოწყობას“
Posted by TV Imedi on ოთხშაბათი, 08 იანვარი, 2020