წყალმომარაგების კომპანიას ეყოლება ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, რომელსაც აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება წყალმომარაგების სფეროში მუშაობის და კარგად იცნობს ამ სექტორს. ჩემი და ბატონი გიგას გუდაურში ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც ესაა, რომ დავგეგმოთ სამუშაოები, რათა 2020 წლის სეზონს შევხვდეთ გამართულად წყალმომარაგების თვალსაზრისით, – აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ძალიან აქტიური მშენებლობები მიმდინარეობს გუდაურში, უშუალოდ „რედკოს“ დასახლებასაც წელს დაემატა რამდენიმე კორპუსი და მომავალი წლისთვისაც გეგმავენ გაფართოებას. ეს ნიშნავს ჩვენთვის ახალ გამოწვევას, რომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი დავაჩქაროთ. ამიტომ, კომპანიის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სწორედ ამ სამუშაოებს ვნახავთ და დავგეგმავთ, რომ უკვე გაზაფხულის სეზონიდანვე დავიწყოთ წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები გუდაურში, რათა კლიმატურ ცვლილებებს, რაც სავარაუდოდ მომავალში იქნება, უფრო მომზადებული შევხვდეთ,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ დირექტორს და აღნიშნა, რომ ეკა გალდავამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კომპანიის გაჯანსაღებისა და განვითარებისთვის. მისივე თქმით, ეკა გალდავასთან თანამშრომლობა სამინისტროს ფარგლებში გაგრძელდება.
7 იანვარს ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემის შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა გათავისუფლდა.
მანამდე მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ წყალმომარაგების პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა. ბორჯომის მერი კი ფიქრობს, რომ ბაკურიანში წყლის დეფიციტი დამსვენებელთა სიმრაველემ გამოიწვია.
ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა თითქმის ერთი კვირაა მოუგვარებელია. ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.