ზუგდიდის ყოფილი მერი შაბათ-კვირას ციხის დატოვების უფლებით ვეღარ ისარგებლებს

932

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იხდის, უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვეღარ ისარგებლებს.

“ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურშ

ლაშა გოგია უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით სარგებლობდა. ის გასულ კვირას ზუგდიდში ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო მისმა მეუღლემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ზუგდიდის ყოფილ მერი და ვიცემერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული იყო მერიის მაღალჩინოსანი თენგიზ ქობალიაც და ხუტა ბაღათურია. ლაშა გოგიას ივნისში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.