რამდენიმე დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. სოხუმის რაიონის სოფელი ოდიში, გაგრაში, ფსოუსთან ახლოს, ასევე ოჩამჩირის რაიონის სოფელი კინდღი, გუდაუთისა და გალის რაიონები – ეს ის ადგილებია, სადაც ხანძარმა უკვე დიდი მასშტაბები მიიღო და მასთან გამკლავება ვერ ხერხდება, იმის მიუხედავად, რომ მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სოხუმის განყოფილების უფროსის, თიმურ კვიცინიას თქმით, სოხუმის რეგიონის სამაშველო სამსახური უკვე მესამე დღეა სოფელ აკაპას მახლობლად არსებული ცეცხლის კერების ჩაქრობას ცდილობს.
„სამაშველო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს უკვე მესამე დღეა. ცეცხლის კერები მიუწვდომელ ადგილებშია. წვიმის გარეშე ჩვენ ყველას ჩაქრობას ვერ შევძლებთ. მთელს იმედებს იმაზე ვამყარებთ, რომ ამ საღამოს იწვიმებს, იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“,- განაცხადა კვიცინიამ.