სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს განსახილველად 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა.
„უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში. ვითარება კვლავ დაძაბული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, სადაც საოკუპაციო ძალის დესტრუქციული ქმედებების გამო კრიზისი 2019 წლის აგვისტოში წარმოიქმნა და საოკუპაციო ძალების არაკონსტრუქციული მიდგომების გამო, მისი მოგვარებისკენ ნაბიჯები ვერ იდგმება. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საანგარიშო პერიოდში გამართულ როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID), ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრებისას, სოფელ ჩორჩანის კრიზისის დარეგულირებისთვის მუშაობის მზაობა არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა აღნიშნულს შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
სუს-ის განმარტავს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები 2019 წლის სექტემბერიდან არის ჩაკეტილი, რამაც რეგიონის სრული იზოლაცია გამოიწვია.
„რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, საოკუპაციო ხაზი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 5 ივლისამდე, ასევე ცალმხრივად, საოკუპაციო ძალის მიერ იყო დაკეტილი. დროის აღნიშნულ მონაკვეთში საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა, ე.წ. ნებართვის მქონე, მხოლოდ გარკვეული კატეგორიისა და საჭიროებების მქონე პირებს ეძლეოდათ (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა). ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის დაკეტვამ ადგილობრივი მოსახლეობა აიძულა, საოკუპაციო ხაზის ფარულად კვეთის მიზნით, მდინარე ენგურზე შემოვლითი მარშრუტებით ესარგებლა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად წარმოაჩენს უკანონო დაკავებების, ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების უკიდურესად დამაზიანებელ შედეგებს“, – აღნიშნულის სუს-ის ანგარიშში.