გალის სოფლების მცხოვრებლების უმიზეზოდ ამოწერა დაუშვებელია – ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

435

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას თქმით, კონკრეტული გარემოებების და მიზეზების გარკვევის გარეშე, ადგილობრივი მცხოვრებლების სამეურნეო წიგნიდან ამოწერა “ძალიან ცუდი პრაქტიკაა” და ამ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ სპეციალურ კომისიას შეუძლია. ამის შესახებ, მან სოფელ სიდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ინფორმაციას “გალ ტვ” ავრცელებს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე, სოფლის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი გერგედავამ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფელი 20-მდე ოჯახმა დატოვა, რომელიც ამ დრომდე არ დაბრუნებულა. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, ის ვალდებულია, რომ ეს მოქალაქეები ამოწეროს. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელში 225 ოჯახი ცხოვრობს, რომელიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, რაიონიდან კი ძირითადად, სამუშაოს მაძიებლები გადიან.

ამავე შეხვედრაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პასპორტიზაციის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. მათ აღნიშნეს, რომ უკვე წლებია ცხოვრობენ აფხაზეთში, თუმცა, “აფხაზური პასპორტის” მიღებას ვერ ახერხებენ.

“იმის გამო, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ჩვენ მათ ვერ მივცემთ აფხაზეთის მოქალაქეობას… თუმცა, ცალკელუი შემთხვევა სათითაოდ უნდა განვიხილოთ და პირველ რიგში, განვიხილავთ მათ, ვისაც “ბინადრობის უფლება” აქვს”, – აღნიშნა ფილიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტაციის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და ეს პრობლემა მოსაგვარებელია.

გალის რაიონის მცხოვრებლების “პასპორტიზაციის” პრობლემაზე ფილიამ მანამდეც გაამახვილა ყურადღება. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ გალის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდების 99% იმის გამო, რომ პასპორტებს ვერ იღებს, პერსპექტივას ვერ ხედავს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს, რადგან იქ ხედავს მომავალს”. მანვე აღნიშნა, რომ “ხელისუფლების” ამ საკითხისადმი მიდგომა არასწორია, რაც გალის რაიონის მოსახლეობის გადინებას იწვევს.

სოხუმის მონაცემებით, გალის რაიონში 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ე.წ. “ფორმა №9” გააჩნია, “აფხაზეთის მოქალაქის” პასპორტი მხოლოდ 1049 პირს აქვს, ხოლო ე.წ. ბინადრობის მოწმობა 19 000 ადამიანს აქვს გაფორმებული.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს, დროებითი დოკუმენტი, ე.წ. “ფორმა №9”- უნდა ჰქონდეთ ან “ბინადრობის მოწმობა” რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც “აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი”.