ფოთში ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, ეს პრობლემა წლებია აწუხებთ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა, მერიიდან ქალაქის გასასვლელამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
“ჩვენ ვითხოვთ მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას. მოვახდენთ ქარხნების პიკეტირებას და გადავკეტავთ ცენტრალურ საავტომობილო გზას. პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, სამუდამოდ უნდა გადაიჭრას”,-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვოვა ამბალიამ.
ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა მოქმედების ვადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.
თავის მხრივ, ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი.