აუდიტის სამსახური: თერჯოლის მერია განათლების, კულტურის და ტურიზმის ცენტრში თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა

990

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თერჯოლის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ში, სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალურ ცენტრში, დასაქმებულია იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე საჭიროა, ამასთან სხვადასხვა ღონისძიებებზე იხარჯება ბევრად მეტი თანხა, ვიდრე საჭიროა – ფულადი სახსრების არაეფექტურ მართვის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, მუნიციპალიტეტი ვალდებულია საქმიანობა წარმართოს ისე, რომ ა(ა)იპ-ის მიერ უზრუნველყოფილ იქნეს ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება, მათ შორის, მუნიციპალიტეტმა არ უნდა დაუშვას იურიდიულ დასაქმებულთა არაგონივრული რაოდენობა და ფუნქციურად დაუტვირთავი თანამშრომლების დაქირავება. თუმცა, აუდიტის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  ა(ა)იპ-ში ამ მიმართულებით შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

როგორც ანგარიშში წერია, სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრში, რომლის დაფინანსებაზეც 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა  1,533.0 ათასი ლარის ხარჯი გასწია, აღნიშნულ პერიოდში ფუნქციონირებდა კულტურის ცენტრი, სადაც დასაქმებული იყო, საშუალოდ, 32 პირი და მათზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 330.5 ათასი ლარი. დასაქმებული პირებიდან 12 ცენტრის კოორდინატორია. აღნიშნული პირების უმრავლესობა კოორდინაციას უწევს ა(ა)იპ-ში შემავალი ფილიალების (კულტურის სახლის, სამხატვრო-საგანმანათლებლო სკოლის, ბიბლიოთეკის, სამუსიკო-საგანმანათლებლო სკოლის მუზეუმების და სხვ.) საქმიანობას.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა 2017-2018 წლებში დასაქმებული კოორდინატორების ფუნქცია-მოვალეობები. შედეგად დადგინდა, რომ ცენტრის 7 კოორდინატორზე დაკისრებული მოვალეობები არის ზოგადი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლები ძირითადად ასრულებენ ცენტრის დირექტორის ცალკეულ დავალებებს და მათ არ აქვთ ყოველდღიური დატვირთვა. სააუდიტო პერიოდში აღნიშნულ 7 კოორდინატორზე სულ ანაზღაურებულია 74.8 ათასი ლარი. მაშინ როდესაც, ორგანიზაციაში შემავალ ყველა ფილიალს ჰყავს დირექტორი, რომლის ფუნქციაა განყოფილების მთლიანი საქმიანობის ორგანიზება და ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე, დაუდგენელია დამატებით 7 კოორდინატორის დასაქმების საჭიროება და მათზე შრომის ანაზღაურების სახით ფინანსური რესურსების გახარჯვა.

ამდენად, აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ 2017-2018 წლებში ცენტრის კოორდინატორებზე ანაზღაურებული 74.8 ათასი ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მეორე დარღვევა იმავე ა(ა)იპ-ის ტურიზმის განყოფილებას უკავშირდება. ანგარიშში წერია, რომ ტურიზმის განყოფილებაში დასაქმებული იყო 14 პირი. განყოფილება 2017-2018 წლებში დაფინანსებულია 143.3 ათასი ლარით. აქედან 95.2% (136.4 ათასი ლარი) გახარჯულია მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე. ხოლო დანარჩენი 4.8% (6.8 ათასი ლარი) გამოყენებულია სხვადასხვა ღონისძიებებზე. კერძოდ: განყოფილების მიერ დამზადდა ბუკლეტები, შეიქმნა საინფორმაციო ბაზა სასტუმროებისა და კვების ობიექტების შესახებ, განხორციელდა შეხვედრა ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ პირებთან, რამდენჯერმე მოეწყო დასუფთავების აქცია, განხორციელდა საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების მარკირება, მუნიციპალიტეტის შესასვლელში განთავსდა ტურისტული რუკა და სხვ.

აუდიტის სამსახური ამბობს, რომ თერჯოლის მერიაში არსებობს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომლის დებულების თანახმად, ერთ- ერთ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეეძლო გამოეცხადებინა ტენდერი რუკებისა და ბუკლეტების შესყიდვაზე, ხოლო ა(ა)იპ-ის მიერ განხორციელებულ სხვა ზემოთ აღნიშნულ საქმიანობას გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფდა თავისი ფუნქციების ფარგლებში.

შესაბამისად, ანგარიშის თანახმად, ტურიზმის განყოფილების დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების არარაციონალურ ხარჯვაზე მიუთითებს, რადგან მუნიციპალიტეტს ა(ა)იპ-ის გარეშე, გაცილებით ნაკლები დანახარჯებით შეეძლო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში არ ხდება დასაქმებული პირების სრული ფუნქციური დატვირთვა; ამასთანავე, მუნიციპალიტეტს ა(ა)იპ-ის გარეშე გაცილებით ნაკლები დანახარჯით შეუძლია იმავე ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, ამ მიმართულებით გახარჯული საბიუჯეტო სახსრები არარაციონალური და არაეფექტიანია. აუდიტის მასშტაბიდან გამომდინარე, აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი ა(ა)იპ-ებში კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ. გარდა ზემოთ აღნიშნული მაგალითებისა, შესაძლოა არსებობდეს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, რომელთა გამოსავლენად და სათანადო ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა მერიამ განახორციელოს შესაბამისი რეაგირება.

სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაცია, რომ თერჯოლის მერიამ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. სუბსიდიის გაცემისას დეტალურად განსაზღვროს კონკრეტული საქმიანობა, რომლის შესრულებაც ევალება ა(ა)იპ-ებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს დასაქმებული პირების სრული ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.