პროფკავშირები: გასული წლის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ხელფასი არ შეცვლილა – მათთვის შრომის ადეკვატური ანაზღაურება უნდა განისაზღვროს

266

გასული წლის შემდეგ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ხელფასი არ შეცვლილა – სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლებისთვისაც შრომის ადეკვატური ანაზღაურება უნდა განისაზღვროს, – ასე ეხმაურება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია პროფკავშირები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის მიერ „პალიტრანიუსის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა მოთხოვნა ხელფასის 100%-იან მატებასთან დაკავშირებით არარელევანტურია.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების წევრების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნავს, ექიმებსა და მძღოლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მათი შრომის შესაბამისი ანაზღაურება, რადგან სწორედ მათზე იდგა/დგას ქვეყანა კოვიდ პანდემიის პერიოდში.

“3 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა მოთხოვნა ხელფასის 100%-იან მატებასთან დაკავშირებით არარელევანტურია. აგრეთვე, აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლებისთვის კვარტალურ დანამატთან ერთად 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების მატებაც, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობით. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში კი წერია, რომ იანვრიდან სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასი 10%-ით, ხოლო სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება.

მიგვაჩნია, რომ დასაქმებულთა შრომა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული. ექიმებსა და მძღოლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მათი შრომის შესაბამისი ანაზღაურება, რადგან სწორედ მათზე იდგა/დგას ქვეყანა კოვიდ პანდემიის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ შრომა და სამუშაო საათები არც ახლა შემსუბუქებიათ. ამასთან, კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოძახებებზე ბრიგადებს ხშირად უწევთ მისვლა. გარდა ამისა, პანდემიამდე და პანდემიის შემდგომ სამომხმარებლო ფასები საგრძნობლად გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ფასების დონე გაიზარდა 13, 9%-ით, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაცილებით მაღალი ზრდა ფიქსირდება. ამ პერიოდში სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა ხელფასებმა მხოლოდ 10%-ით მოიმატა, რაც ინფლაციით გამოწვეულ უარყოფით შედეგს ვერ აკომპენსირებს.

გასული წლის შემდეგ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ხელფასი არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, მიმდინარე წლის ინფლაცია 11,5%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის ხელფასი 2019 წლიდან დღემდე, მათ შორის წელსაც, საგრძნობლად, რამდენიმე ათასით არის გაზრდილი, ასევე, ხელფასების მატება შეეხო ადმინისტრაციის თითქმის ყველა თანამშრომელს, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლებისთვისაც შრომის ადეკვატური ანაზღაურება უნდა განისაზღვროს.

ჩვენ, მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ დასაქმებულთა ყველა სამართლიან, კანონიერ მოთხოვნასა და ქმედებას. მზად ვართ, კიდევ ერთხელ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, რათა დიალოგის გზით გადაწყდეს დასაქმებულებისთვის ყველა მტკივნეული საკითხი”,- აღნიშნულია პროფკავშირების განცხადებაში.