თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე 101 ტონა საწვავი (58%) გაიცა, ამასთან, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია.
გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტს მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი მიღებული არ აქვს.
“მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, 2017-2018 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 6 სამორიგეო ავტომანქანა იყო გათვალისწინებული. თუმცა 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ბალანსზე რიცხული 2 განპიროვნებული და 7 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
აუდტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილება ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვიდან გამომდინარე, მისი შესრულება პრიორიტეტული უნდა იყოს, რაც მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინა აუდიტის ანგარიშშიც ხაზს უსვამდა აღნიშნულ გარემოებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, სათანადო რეაგირება არ მომხდარა. სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი 2017 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 55 ავტომანქანაზე, ხოლო 2018 წელს − 52 ავტომანქანაზე.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში ავტომანქანებზე 351.8 ათასი ლარის ღირებულების 175.6 ტონა საწვავი დაიხარჯა. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად
საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე 101 ტონა საწვავი (58%) გაიცა,
ღირებულებით − 201.8 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა “აგაი“ 29 სისტემის გამოყენებით”, – წერია დასკვნაში.
დასკვნის მიხედვით, აუდიტის ჯგუფმა ცალკეულ საჯარო მოსამსახურეზე გამოყოფილი საწვავის ყოველდღიური ხარჯების შესწავლისას გამოავლინა, რომ ზოგიერთი მათგანი მიღებულ საწვავს, სავარაუდოდ, სრულად არ გამოიყენებდა სამსახურებრივი დანიშნულებით.
“კერძოდ, 350-ზე მეტ შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეებმა 13 000 ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც, სავარაუდოდ, არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას (მივლინებას). გარდა ამისა, 2 300 ლიტრზე მეტი საწვავი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს. ასევე, შესწავლისას გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როდესაც საწვავის გამოყენება მოხდა, სავარაუდოდ, არაავტორიზებულ ავტომანქანაში. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას აღემატება”, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, საკითხის შესწავლისას გამოვლენილი გარემოებები და მათი სიხშირე ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე. პასუხისმგებელი პირის განმარტებით კი, ავტომანქანებზე, რომლებზეც ბრძანებით გამოიყოფოდა საწვავი, არ იყო დამაგრებული „აგაი“ სისტემის ჩიპი და საწვავის ჩასხმისას მექანიკურად, ხელით ხდებოდა მიწოდება. შესაბამისად, ჩიპის გამოყენება, კონტროლის არარსებობის პირობებში, თავისუფლად არის შესაძლებელი არასამსახურებრივი მიზნებისთვის, არაავტორიზებულ ავტომანქანებზე.
“აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსაური რეკომენდაციით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე, სასურველია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან.
ამავე დასკვნის მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 1 921 ლიტრი საწვავი დაუსაბუთებლად გახარჯა.