თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ ოფიციალურ სადილებს “დაუპატიჟებელი” მოხელეებიც ესწრებოდნენ 

2051

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს 35-38 წევრი ესწრებოდა, ხოლო იმერეთის რეგიონულ თათბირს − 23 წევრი. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ სადილზე დამსწრეთა რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწვეული სტუმრების რაოდენობას, რაც გამოწვეულია მუნიციპალიტეტიდან სადილზე წასული მოხელეების რაოდენობის სიმრავლით, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით 2017-2018 წლებში − 60.5 ათასი ლარი დახარჯა, მათ შორის, 2017 წელს − 40.0 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს − 20.5 ათასი ლარი.

“მუნიციპალიტეტმა აღნიშნული საბიუჯეტო მუხლით განსაზღვრული თანხიდან 30.9 ათასი ლარი კვების ობიექტებში ოფიციალური სტუმრების გამასპინძლებაზე დახარჯა. გარდა ამისა, 2017-2018 წლებში სხვადასხვა სახალხო ღონისძიებისა და ფესტივალის ორგანიზებაზე 11 შესყიდვა განხორციელდა. აღნიშნული შესყიდვების ფარგლებში მოწვეული სტუმრების გამასპინძლებაზე 21.5 ათასი ლარი დაიხარჯა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ სააუდიტო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულია ფართომასშტაბიანი საბანკეტო ღონისძიებები.

მაგალითად: 2017 წელს ქალაქ თერჯოლაში ორჯერ გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულთან
არსებული საკონსულტაციო საბჭოს გასვლითი სხდომა, ხოლო ერთხელ − იმერეთის რეგიონული თათბირი”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მას შემდეგ, რაც აუდიტის ჯგუფი შეხვედრების სხდომის ოქმებს გაეცნო გაირკვა, რომ სხდომებს ძირითადად იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, რწმუნებილის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ასევე, სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აუდიტის ცნობით, საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს 35-38 წევრი ესწრებოდა, ხოლო იმერეთის რეგიონულ თათბირს − 23 წევრი. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ სადილზე დამსწრეთა რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწვეული სტუმრების რაოდენობას, რაც გამოწვეულია მუნიციპალიტეტიდან სადილზე წასული მოხელეების რაოდენობის სიმრავლით. ოფიციალური სადილისთვის გაწეულმა ხარჯმა 10.2 ათასი ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა აუდიტის ჯგუფს ვერ მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია, რატომ მოხდა აღნიშნული ხარჯის გაწევა ბიუჯეტიდან.

ასევე, წარმომადგენლობითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლისას, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას ღონისძიების შინაარსის, დანიშნულების, მოწვეული სტუმრების, მასპინძელთა რაოდენობის შესახებ და სხვა.

მაგალითად: 2018 წლის მაისში მერიამ შპს “მერედანისგან“ 90 პერსონაზე კვების ობიექტის
მომსახურება შეისყიდა, საერთო ღირებულებით − 3.0 ათასი ლარი. ხოლო, 2018 წლის ივნისში მერიამ შპს “სამისგან“ შეისყიდა კვების ობიექტის მომსახურება საერთო ღირებულებით − 1.0 ათასი ლარი.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვის ვალდებულებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს დოკუმენტური ინფორმაცია სტუმრების მიღებისას, ეტიკეტის შესაბამისად, დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ.

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევის წესი ინსტრუქცია, რომელიც დაარეგულირებს ხარჯის გაწევის პროცედურასა და შესადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინა აუდიტის ანგარიშშიც ხაზს უსვამდა აღნიშნულ გარემოებას, თუმცა მიუხედავად ამისა, სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, რამდენად აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის 2017-2018 წლებში 60.5 ათასი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა”, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსაური რეკომენდაციით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიასთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ხარჯებს გახდის საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს.