2017-2018 წლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტმა, განსაზღვრულთან შედარებით, 1 921 ლიტრით მეტი საწვავი დახარჯა. 30-მდე შემთხვევაში ერთჯერადად გაზრდილია საწვავის ხარჯვის ლიმიტი, რისი საჭიროებაც, აუდიტის ჯგუფის მიერ მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა შესაბამისი დოკუმენტით ვერ დაასაბუთა. ამასთან, დადგენილი ლიმიტები 27 შემთხვევაში დარღვეულია, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა ლიმიტს ზევით გახარჯული საწვავის დოკუმენტური დასაბუთება.
“მუნიციპალიტეტმა სათანადო კონტროლის არარსებობის გამო, ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების დაცვა. შედეგად, 1 921 ლიტრი საწვავი გახარჯულია შესაბამისი დასაბუთების გარეშე”, – წერია დასკვნაში.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალება “ფორდ ტრანზიტზე” 2017- 2018 წლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე, გაიხარჯა 8 812 ლიტრი საწვავი. როგორც მერიაში განმარტეს, ავტოსატრანსპორტო საშუალება წვევამდელების ტრანსპორტირებისათვის და მოსწავლეების ექსკურსიაზე გადასაადგილებლად გამოიყენებოდა, თუმცა, უდიტის ჯგუფს, დოკუმენტური დასაბუთების სახით, ავტომანქანის საგზურები არასრულად წარუდგინა.
“შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, ხორციელდებოდა თუ არა 8 800 ლიტრზე მეტი საწვავის ხარჯვა ეკონომიური და რაციონალური პრინციპების დაცვით”, – ნათქვამია დასკვნაში.
აუდიტის სამსაური რეკომენდაციით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს საწვავის განაწილებისა და ხარჯვის წესი, ხოლო მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას. აგრეთვე არ დაუშვას საწვავის დამტკიცებულ ლიმიტს ზევით ხარჯვა.