საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ BPP-ის კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 38 პროექტიდან, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 5 საუკეთესო გამოავლინა. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტმა ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ გაიმარჯვა.
,,დღეს ჩვენ გვერგო პატივი, მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მუნიციპალური სერვისების მიწოდების საუკეთესო პრაქტიკის 2018-2019 წლებში კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიალზე. „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ პროექტის, როგორც დანერგვა ასევე, განხორციელება იყო სრულიად ახალი გამოწვევა და გამოცდილება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. საქართველოს მასშტაბით ზუგდიდი იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც გადაწყვიტა ასეთი ტიპის სერვისის დანერგვა პრაქტიკაში.
ინოვაციური პროექტი – „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“, მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაინერგა. პროექტი ითვალისწინებს ხანდაზმულთა შინ მოვლის კომპლექსურ სერვისს. ადაპტირებული მიკროავტობუსის საშუალებით, მობილური ჯგუფი უზრუნველყოფს: ხანდაზმულთა პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას, სამედიცინო მომსახურებას, კვებით უზრუნველყოფას, საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგებას, ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას და ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობას. პროექტი-„ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“, პირველად 2017 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის – People in Need Georgia (PIN) (ევროკავშირისა და ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი) მიერ სოციალური დაცვის პროგრამის – სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსებით დაინერგა და პროექტის ბენეფიტით სარგებლობა 30-მა მარტოხელა ხანდაზმულმა მიიღო. პროექტში მონაწილეთა სტატისტიკა ყოველ წელს იცვლებოდა.
2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სრული დაფინანსებით გააგრძელა პროგრამის განხორციელება და ბენეფიციართა რაოდენობამ 101-ს მიაღწია. დღეისთვის მოსარგებლეთა რიცხვი 130-მდე აღწევს. ევროკავშირის პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებული საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – ილია ბეგიაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას უწყობს ხელს.
2018-19 წლების საუკეთესო პრაქტიკად შემდეგი ქეისები იქნა აღიარებული: ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი – შშმ პირების დახმარების პროგრამები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროექტი – „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის პროექტი – მონაწილეობითი ბიუჯეტის მხარდაჭერა – „შენი იდეა ბათუმს“; ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის პროექტი – „მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობა“ და ცაგერის მუნიციპალიტეტის პროექტი – „ცაგერის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმა“.
საკუთარ პრეზენტაციაში პროგრამის იდეის მნიშვნელობაზე, პროექტის მიღწევებზე, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების კარგ პრაქტიკებსა და მდგრადი განვითარების მიზნებზე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ ისაუბრა.
დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც სასტუმროში – „ბილტმორ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.