პარლამენტის რიგგარეშე სხდომისას ტრადიციისამებრ პარლამენტის შენობის პიკეტირებაა დადგმილი. ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია კი ბათუმში კვირას, 14:00 საათზე არის დანიშნული. ამის შესახებ ოპოზიციის გაფართოებულ შეხვედრაზე გადაწყდა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, პარლამენტის მორიგი პიკეტირება გაიმართება.
“შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით, თუ მოვიდა გონს უმრავლესობა, მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე კვირას ჩატარდება მანიფესტაცია ბათუმში. ეს არის ამ კვირის გეგმა” – აღნიშნა გიგი უგულავამ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პარალელურად, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მოამზადა და პარლამენტში დაარეგისტრირა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი.
იმის გამო, რომ ხელისუფლება ე.წ გერმანულ მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს ეწინააღმდეგება, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუმცა, 15 დეკემბრის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.