ოპოზიცია, 15 წლის მოზარდის ტრაგედიის გამო, ხვალ დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებას აუქმებს

526

წინა სტატია

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მწუხარებას გამოთქვამენ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო.

ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ.

ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.

სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციამ პარლამენტის მორიგი პიკეტირება გუშინ დააანონსა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერის გიგი უგულავამ თქვა, რომ ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, პარლამენტის მორიგი პიკეტირება გაიმართებოდა.