დავითულიანი: ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ – როდის შევიკრიბებით, არ დავაანონსებ, რომ არ შედგეს ეს კონცერტი

563

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომლის თანახმად დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა იმსჯელონ. დავითულიანი ჟურნალისტებთან არ აკონკრეტებს, თუ როდის იმსჯელებენ ამ საკითხზე.

რაც შეეხება კუხიანიძისთვის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ბექა დავითულიანის თქმით, კუხიანიძეს უფლებამოსილებას ვერავინ შეუწყვეტს მისი პირადი განცხადების გარეშე, „აქ საუბარია თანამდებობაზე”.

ამასთან, დავითულიანი ოპოზიციის წევრებთან, ხატია დეკანოიძესთან და ელენე ხოშტარიასთან შეხვედრას ითხოვს.

„ორი დღეა ვამბობთ იმას, რაც ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ერეკლე კუხიანიძის იმ განცხადებას აბსოლუტურად ემიჯნება გუნდის ყველა წევრი. ყველას მიგვაჩნია, რომ ამგვარი განცხადებების გაკეთება, როდესაც ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია, არ შეიძლება. ამასთან დაკავშირებით შედგება უმრავლესობის სხდომა და ვიმსჯელებთ მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგრამ, რომ მოდიან აქ და კივიან გააგდეთ, გააგდეთო, სანამ ამათ არ გავაგდებთ ამ შენობიდან, მანამდე არავის არ გავაგდებთ აქედან. თქვეს გვინდა ლაპარაკიო და ვეძებ. გაგდება ნიშნავს იმას, რომ როცა შემოიჭრებიან გავაგდებ. საკრებულოს უმრავლესობა როდის ვაპირებთ შეკრებას არ დავაანონსებ, იმიტომ, რომ არ შედგეს ეს კონცერტი“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს. გუშინ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” დღეს იმსჯელებდა, თუმცა, მმართველ პარტიას საკრებულოში ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. თავად კუხიანიძემ გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.