სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზუგდიდის ყოფილი ციხის ტერიტორია, 6603.კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობით, 1 030 000 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ელექტრონულ აუქციონზე ქონების შესყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა, რომელმაც ნაკვეთი უპირობოდ, 2019 წლის 28 ნოემბერს შეიძინა.
“ეს იყო საჯარო აუქციონი, სადაც ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუმცა ერთი ბიჯი დაფიქსირდა და გაიყიდა მილიონ 30 ათას ლარად. ეს იყო უპირობო აუქციონი. ინვესტორს გააჩნია ნებისმიერი განვითარების შესაძლებლობა, რაც არ ეწინააღმდეგება განაშენიანების რეგულირების გეგმას“, – განაცხადეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე 5 თვის წინ დაფუძნებული შპს „ინფინიტი ჰოლდინგია“. კომპანიის 51%-ს ბიზნესმენი ზურაბ გარუჩავა, ხოლო 49%-ს რუსეთის მოქალაქე ოლგა დენისენკო ფლობს. შპს-ს იურიდიული მისამართი ბათუმშია.
ოფიციალური მონაცემებით, ზურაბ გარუჩავა სულ ცოტა, ათი კომპანიის დირექტორია და ფლობს წილებს, მათ შორის აქტიურად არის ჩართული ბათუმში საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო ბიზნესშიც.