პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, რომელი საარჩვენო სისტემას ემხრობა. მისი თქმით, ამ კითხვაზე ვერ უპასუხებს, რადგან, როგორც პრეზიდენტს, არ აქვს უფლება, რომ პირადი მოსაზრება მოახვიოს თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს.
“იმიტომ, რომ ვარ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, მე ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს უნდა დავუთმო თავიანთი მოსაზრებები. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე, რომ ამ საკითხზე, როგორც სხვა საკითზე, დაპირისპირების მაგივრად მოინახოს გამოსავალი. იმიტომ, რომ ეს არის საჭირო ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტში დაარეგისტრირა.
გარდა ამისა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მაჟორიტარების სახელით, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგინა.
“ქართული ოცნება” კი, იმისთვის, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, კონსტიტუციაში ცვლილებებზე ფიქრობს. ცვლილებებით შესაძლებელი გახდება ჩანაწერი გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც 2020-დან 2024 წლამდე ჩატარებული ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნებით არჩეული ხელისუფლება მხოლოდ 2024 წლამდე შეძლებს მუშაობს.