“ოცნებას” უნდა, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების შერეული სისტემით ჩაატარება კონსტიტუციაში ჩაწეროს

665

სტატიის გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში შეთანხმება შედგა. საუბარია დიმიტრი ხუნდაძესა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებზე, რამაც მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატები 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით თავისივე ინიციატივაზე უარს იტყვიან, სანაცვლოდ კი მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებამდე მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ის კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.

მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე.

„საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ „ქართული ოცნების” უმრავლესობაში, ჩვენს გუნდში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომლებიც სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე მუშაობს, თუმცა უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ ინიციატივის წინააღმდეგია.

ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრთხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვდასხვა ფორმატში კონსულტაციებით, – შეთანხმების მიღწევა შევძელით.

უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე.

ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტში დაარეგისტრირა.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ,მაჟორიტარების სახელით, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგინა.

დიმიტრი ხუნდაძე 6 დეკემბერს აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებდა“.