პრეზიდენტი: ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად, სწორედ, სვანურ ენაზეა დაფუძნებული

320

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში სვანური ენის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და ადგილობრივებს უთხრა, რომ სვანური ენა საქართველოს სჭირდება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

“სვანური ენა აუცილებლობაა, რომ დარჩეთ და იყოთ, რაც ხართ. ის სჭირდება საქართველოს, რადგან რეალურად ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად, სწორედ, სვანურ ენაზეა დაფუძნებული და თუ აღარ ისაუბრებთ სვანურად თქვენ, ჩვენც დავკარგავთ ამ ძალიან დიდ და მდიდარ ენას. ქვეყანას, რომელსაც აქვს ასეთი მდიდარი სამი ენა, როგორ შეიძლება არ ვიამაყოთ, გარეთ არ გავიტანოთ და ჩემთვის გაუგებარი და უაზრო შიშებიდან გამომდინარე არ განვავითაროთ ის, რაც გვაქვს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა ენერგოდამოუკიდებლობასა და ამ მიმართულებით სვანეთის პოტენციალზე ისაუბრა.

„ყველამ ვიცით, რომ საქართველო დიდწილად სვანეთზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. თუ ჩვენ ამ კუთხით არ ვიქნებით დამოუკიდებლები, ჩვენ საერთოდ ვერ ვიქნებით დამოუკიდებელი და ეს ძალიან კარგად ჩანს თუ დღევანდელ მოვლენებს და ევროპის მდგომარეობას შევხედავთ, რომელიც იძულებულია დაჩქარებული ტემპით მონახოს ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროები, ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თავისუფლების შენარჩუნებისთვის, სვანებისთვის და ყველა ქართველისთვის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სვანურ სამართალზეც გაამახვილა ყურადღება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სვანური ტრადიციები სასამართლო რეფორმის მიმართულებით აუცილებლად გამოსაყენებელია.

,,სასამართლო რეფორმისას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩვენს ევროპულ გზაზე, საჭიროა გავიხსენოთ სვანეთში არსებული ტრადიციები და გამოვიყენოთ სვანური სამართლის ძეგლები. მედიატორების ინსტიტუტი იძენს ახალ მნიშვნელობას და ძალიან პოპულარულია. აქ სვანებმა თავიანთი თავი და იდენტობა უნდა გამოიჩინონ”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე სვანეთში ტურიზმისა და სპორტის განვითარებასაც გაუსვა ხაზი.

ეს განცხადებები პრეზიდენტმა მესტიაში გააკეთა, სადაც ტაძრის საგანძურის მცველები, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე და უშგულის მუზეუმის თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.