აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, საზოგადოება ფეხებზე გვკიდია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ბოკერია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვს და არც ექნება.
„რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები მაგათ აღარ აქვთ და აღარასდროს აღარ ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და რა უნდა ჩაატარონ? ვის ატყუებენ? საკუთრ თავს ატყუებენ? თუმცა ჰო, აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, საზოგადოება ფეხებზე გვკიდია. ჯერჯერობით იგივე კურსი აქვთ, სასამართლოზეც იგივე გამოჩნდა, რომ უტიფრობენ და ფეხებზე გვკიდიხარო, ხალხს ეუბნებიან და ამიტომ ვამბობ და მჯერა, რომ დაამთავრებენ ძალიან ცუდად, თუ იქამდე არ მოეგენ გონს“, – განაცხადა ბოჯერიამ.
შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, „მაჟორიტარები რა შემთხვევაში გაიწვევენ უკან თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით“
„2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან, იმ შემთხვევაში კი თუ მმართველი პარტია ამ გარანტიის შექმნას ვერ შეძლებს, მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.